თეგი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 61 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 24 ფაქტი იმერეთში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა. კახეთში დაფიქსირდა 14 სამართალდარღვევა, მცხეთა-მთიანეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, ქვემო ქართლში - 4, გურიაში - 2, შიდა ქართლში - 1, სამცხე-ჯავახეთშიც - 1. ასევე, 1 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. „ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 6 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი აღკვეთეს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები ინტენსიურად გეგმავენ პრევენციულ ღონისძიებებსაც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის აპრილში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 2800 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია ბაზალეთის ტბიდან, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებიდან, საწირის და ჯაპანის ტბებიდან. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ასევე, ამოღებულია 22 ერთეული თევზმახე „გოდორი“ და 4 ერთეული ე.წ. ოჩხი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, დეპარტამენტის თანამშომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 1-ლი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 თვეში 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. „დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1149 დარღვევა გამოავლინეს თბილისში, 525 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 432 - ბათუმში, 354 - ქალაქ რუსთავში. 2460 საჯარიმო ქვითრიდან 2114 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა. 346 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. აღსანიშნავია, რომ 1451 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 851 - მიკროავტობუსის, 157 - სატვირთო ტიპის, 1 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი, შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.