თეგი: გარყვნილი ქმედება
ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ, ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კი სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა "შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სხვადასხვა ეპიზოდზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში, არასრულწლოვანს ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა. მგზავრობის დროს ბრალდებულმა ავტომანქანა გზიდან გადააყენა, გადმოვიდა და დაზარალებულის მხარეს ჩაჯდომას ცდილობდა, ამ დროს არასრულწლოვანს დამ დაურეკა. ბრალდებულმა დაზარალებულს საუბრის საშუალება არ მისცა და მობილური ტელეფონის მისთვის გადაცემა აიძულა, რა დროსაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თექვსმეტ წელს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 18 და 19 ოქტომბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), ხოლო მეორეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა." ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.