თეგი: გეფმანიის ბუნდესტაგი
ბერბელ ბასი: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ხვალ, 11 ივლისს საოკუპაციო ხაზზე გაემგზავრება. ვიზიტის მიზნებზე მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. „რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინაში, განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი. საქართველოში იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები „ადმინისტრაციულ ხაზთან“, - განაცხადა ბერბელ ბასმა. ამავე ბრიფინგზე ბერბელ ბასმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე, თუმცა მან ხაზი გაუსვა რეფორმების გატარების მნიშვნელობას. ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა ბერბელ ბასმა. მან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის გააქტიუტება დააანონსა. „ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას,“ – განაცხადა ბერბელ ბასმა.