თეგი: გვანცა აბდალაძე
დეზინფორმაცია/პროპაგანდა: ვინ არიან პროპაგანდისტული ნარატივების ,,ჯარისკაცები,, და რა მიზანი აქვთ მათ საქართველოში?
უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდული ომის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდამ, ჰიბრიდული ომის საფრთხე არ გააფერმკრთალა საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. დღეს პოსტსაბჭოთა რეგიონი ორ საომარ ქარცეცხლშია გახვეული - სამხედრო შტურმი უკრაინაში და საინფორმაციო შტურმი ჩვენს გონებაზე. პროპაგანდისტულ კამპანიებს ყოველთვის აქვს მიზანი, მეთოდი და ჰყავს „ჯარიკაცები“ - პროფესიონალებიც და მოხალისეებიც. საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიების მთავარი მიზანი იყო და არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება. ვინ არიან პროპაგანდისტული ნარატივების ,,ჯარისკაცები,, და რა მიზანი აქვთ მათნი საქართველოში? რა როლი აქვს მედიას? და როგორ მუშაობს ომის დროს პროპაგანდისტული მედია? რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე და საომარი მოქმედებების განვლილმა 40-მა დღემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ფაქტი, რომ ომს მრავალი ფრონტი აქვს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტი კი საინფორმაციო ომია. ჰიბრიდული ომების ეპოქაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ინფორმაცია დეზინფორმაციისგან, რომელიც მტრის ყველაზე დიდი იარაღია, განსაკუთრებით ისეთი მტრის, როგორიც რუსეთია, რომლის პოლიტიკა სწორედ პროპაგანდისტულ ნარატივებზეა დაფუძნებული, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. რა არის დეზინფორმაცია/პროპაგანდა, რა გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე, როგორ შეუძლია ჩვენი არჩევანის, მსოფლმხედველობის შეცვლა, როგორ ფუნქციონირებს ომის პირობებში და როგორ შევამციროთ პროპაგანდის გავლენა ჩვენს ცნობიერებაზე, ამ ყველაფერზე Europetime-თან საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი გვანცა აბდალაძე საუბრობს: დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე მრავალგზის გვისაუბრია, თუმცა მიმდინარე ომის პირობებში, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა არის დეზინფორმაცია, რა არის პროპაგანდა და როგორ მოქმედებს ის საზოგადოების ცნობიერებაზე? ინფორმაციული ომი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ფსიქოლოგიური ოპერაციები, ჰიბრიდული ომი - ეს ტერმინები ხშირად იმაზე მეტ გაუგებრობას იწვევს, ვიდრე სიცხადეს. წლებია, ჰიბრიდული საფრთხეების ეპიცენტრში ვცხოვრობთ. უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდული ომის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდამ, ჰიბრიდული ომის საფრთხე არ გააფერმკრთალა საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. დღეს პოსტსაბჭოთა რეგიონი ორ საომარ ქარცეცხლშია გახვეული - სამხედრო შტურმი უკრაინაში და საინფორმაციო შტურმი ჩვენს გონებაზე... დეზინფორმაციის ფენომენსა და საფრთხეებზე მრავალი წელია საუბრობენ ექსპერტები, ორგანიზაციები... თითქოს, რიგითმა მომხმარებელმაც გაისიგრძეგანა, როგორი მარტივია სოც-ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელება - ცოტაოდენი კონტექსტის შეცვლა ფაქტობრივი მონაცემებისთვის, ცოტაოდენი ფოტოშოფი ფოტო მტკიცებულებისთვის, ცოტაოდენი ვიდეო მანიპულაცია და „ახალი რეალობაც“ მზად არის... მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ მეტ-ნაკლებად ყველამ ვისწავლეთ დეზინფორმაციის ამოცნობის მარტივი ხერხები, რატომღა ახდენს დეზინფორმაცია ასეთ გავლენას საზოგადოების ზოგიერთ ჯგუფებზე? აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ პროპაგანდა, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, მაგრამ არ იგივდება დეზინფორმაციასთან. პროპაგანდა მესიჯების თანმიმდევრული და განგრძობითი სქემაა, რომელიც მომხმარებელზე ნარკოტიკივით მოქმედებს - პროპაგანდა ცხოვრების სტიმული ხდება და მის „მოსაპოვებლად“ მომხმარებელი არაფერს დაიზარებს... მაგალითად, დღეს, როდესაც ქართული ახალგაზრდული პრორუსული დაჯგუფების საქმიანობას ბლოკავს ზოგიერთი ინტერნეტ აპლიკაცია პუტინის იდეოლოგიის გავრცელების გამო, მისმა მომხრეებმა არ დაიზარეს რუსულ პლატფორმებზე დარეგისტრირება „აკრძალული სიმართლის“ მოსასმენად... ერთი რუსი სოციოლოგის გამოსვლა მახსენდება საერთაშორისო კონფერენციაზე. პოსტსაბჭოთა რუსეთის მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ანალიზის მცდელობისას, მან სხვადასხვა კვლევების საფუძველზე დაასკვნა, რომ რუს მოქალაქეს, როგორც ყოფილ საბჭოთა მოქალაქეს, არ სჯერა არანაირი ინფორმაციის, ამინდის პროგნოზსაც კი ეჭვის თვალით უყურებს და ეს ფსიქოლოგიური „თავდაცვითი მექანიზმი“ მას აიძულებს არასოდეს დაიჯეროს სიმართლეც, შედეგად კი ისევ სიცრუის მსხვერპლი ხდება... ესეთია პროპაგანდისტული შტურმის ქვეშ ხანგრძლივად ცხოვრების ტრაგიკული შედეგები... საბჭოთა წარსულს რომ თავი დავანებოთ, პუტინის რუსეთის პერიოდში პროპაგანდის მანქანა განსაკუთრებით მძლავრად ამუშავდა ყირიმის კამპანიის შემდეგ. კრემლმა პროპაგანდით ომისთვის დიდი რესურსები დახარჯა, რადგან კარგად გააცნობიერა მისი მნიშვნელობა როგორც შიდა, ასევე გარე სივრცისთვის. უკვე წლებია მრავალი ქვეყნის მოქალაქეები ამ პროპაგანდისტული შტურმის ქვეშ ვცხოვრობთ, რაც რიგითი ადამიანის ფსიქიკაზე მძიმედ აისახება.. ვინ არიან რუსეთის პროპაგანდის ,,ჯარისკაცები,, საქართველოში და რა არის მათი მიზანი? პროპაგანდისტულ კამპანიებს ყოველთვის აქვს მიზანი, მეთოდი და ჰყავს „ჯარიკაცები“ - პროფესიონალებიც და მოხალისეებიც. საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიების მთავარი მიზანი იყო და არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება. ეს მიზანი რამდენიმე ტაკტიკურ ქვე-მიზნად თუ ეტაპად შეიძლება დავყოთ: რუსეთის უძლეველობის მითის შექმნა, აშშ-სა და ევროკავშირის დისკრედიტაცია, უიმედობის დათესვა, კოლაბორაციონიზმის მორალური გამართლება თუ პრაგმატიზმით შენიღბვა, ევროინტეგრაციის ფარსად ქცევა, რეგიონში გეოპოლიტიკური სამკუთხედის (საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი) დისკრედიტაცია და ჩამოშლა, საზოგადოებრივი პოლარიზაცია... თითოეული ამ მიზნის მისაღწევად ასობით და ათასობით მესიჯი მწყობრად მოედინებოდა წლების მანძილზე. პროპაგანდისტული მესიჯები ყოველთვის ერგება დროსა და აუდიტორიას, ანუ არის ცვალებადი, თუმცა ინარჩუნებს თავის ძირითად მახასიათებლებს და ერთობლიობაში ქმნის იდეოლოგიას. რაც შეეხება საინფორმაციო ომის პროფესიონალ, ანაზღაურებად ჯარისკაცებს, ესენი არიან პოპულისტური დაჯგუფებები და პარტიები თავისი მედია პლატფორმებით. ამგვარი ჯგუფები არ არის მუდმივი - სხვადასხვა ეტაპზე აქტიურდება სხვადასხვა ჯგუფი ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად. „მოხალისე ჯარისკაცების“ რიგიც საკმაოდ დიდია და განვლილ წლებში ახასიათებდა მუდმივი ზრდადობა. ჩვენდა დიდად სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და მღვდლების გარკვეული ნაწილიც პროპაგანდის გამავრცელებლად იქცნენ ნებსით თუ უნებლიედ, რაც განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას. რა როლი აქვს დამოუკიდებელ მედიას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ომის პირობებში? როგორია პროპაგანდისტული მედიის დამოკიდებულება დეზინფორმაციის მიმართ? ომის მიმდინარეობის დროს კიდევ უფრო რთული ხდება სანდო ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია, ანალიზი, რაც დიდი გამოწვევევაა მედიისთვის და ომის პერიოდში განსაკუთრებით დიდია ჟურნალისტების პასუხისმგებლობა. საბედნიეროდ, ჟურნალისტების უმეტესობას აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები, როგორ გადაამოწმოს ინფორმაცია, შეაჯეროს სხვადასხვა საინფორმაციო ნიუსები, წარმოადგინოს სხვადასხვა არგუმენტაცია თუ მოიძიოს ოფიციალური დოკუმენტები ჭორების თავიდან ასაცილებლად... ჩემი აზრით, პროფესიული უნარ-ჩვევების ნაკლებობაზე მეტად, ქართულ ჟურნალისტიკაში პრობლემად რჩება საბჭოთა საგანმანათლებლო მემკვიდრეობა, როდესაც ჟურნალისტს არ აქვს კონკრეტული დარგის ცოდნა (მაგალითად პოლიტიკის, ეკონომიკის...) და პროფესიულ განვითარებად უმეტესად ჟურნალისტური საქმიანობის ტექნიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მიიჩნევა. დამოუკიდებელმა მედიამ უნდა გააცნობიეროს ეს პრობლემა და დასახოს გზები პრობლემის დაძლევისთვის. რაც შეეხება პროპაგანდისტულ მედიებს, რაოდენ კომიკურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლაში წლების მანძილზე აქტიურად იყვნენ ჩართული კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტებიც. ისინი საქართველოშიც ჩამოდიოდნენ და ტრენინგებს ატარებდნენ ადგილობრივი მედიებისთვის. პრობლემა ის არის, რომ მათთვის დეზინფორმაციაა ყველა ის ინფორმაციაა, რასაც არარუსული მედია საშუალებები ავრცელებენ და ჭეშმარიტი ინფორმაცია - მხოლოდ საკუთარი იდეოლოგია. პროპაგანდისტული მედია ებრძვის დამოუკიდებელ მედიას და ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი. იდეოლოგიზირებული მედიისთვის თუ ადამიანისთვის არჩევანი მარტივდება - თუ გჯერა ერთი ნარატივის, არ გაინტერესებს რას წერს სხვა, რეზისტენტული ხდები ყველა სხვა ინფორმაციის მიმართ... დღეს რუსეთის დუმის დეპუტატები და კრემლის ჟურნალისტები სხვადასხვა ასპარეზზე „არგუმენტირებულად“ ცდილობენ დაასაბუთონ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წამება და დახოცვა უკრაინაში უკრაინელებისა და დასავლური მედიის ფაბრიკაციაა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალმხრივი სიმართლე, ანუ დეზინფორმაცია. ამგვარი იდეოლოგიზირებული სიბრმავის გავლენა ქართულ საზოგადოებაშიც შეიმჩნევა - ვისაც სწამს და სჯერა, რომ თავად უკრაინელები არიან დამნაშავე საკუთარ ტრაგედიაში, მისთვის ომის ნიუსებს შესაძლოა ჰქონდეს ემოციური დატვირთვა, მაგრამ მიღებული ინფორმაცია აზრს ვერ შეაცვლევინებს. რა გავლენას ახდენს მიმდინარე ომი პროპაგანდისტულ მედიაზე და როგორი იქნება მისი მომავალი ომის შემდგომ? ომის დროს ლეგალური ხდება ის ქმედებები, რაც მშვიდობის დროს მიუღებლად ითვლება - ინფორმაციის შეზღუდვა მოწინააღმდეგის საინფორმაციო არხებიდან და მტრის წინააღმდეგ ინფორმაციული კამპანიის წარმოება. ომის დროს შიდა პლურალიზმიც ყოველთვის ზარალდება. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც წლებია მძლავრი იარაღია და გაცილებით უფრო თანამედროვე და ეფექტური, ვიდრე რუსეთის სამხედრო აღჭურვილობა, რასაკვირველია, ომის პირობებში კიდევ უფრო გააქტიურდა. ერთის მხრივ, ის უკრძალავს საკუთარ მოსახლეობას შეკითხვის დასმასაც კი, და მეორეს მხრივ, მტრულ ინფორმაციად მიაჩნია არა მხოლოდ უკრაინის მედიის თუ სამთავრობო უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არამედ მსოფლიოს ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომელიც კრემლის ვერსიის გავრცელებით არ არის დაკავებული. ეს ახალი საინფორმაციო შტურმი, რომელსაც თან ახლავს რუსეთში მრავალი ინტერნეტ მედიისა თუ ინტერნეტ აპლიკაციების ორმხრივი დაბლოკვა, რუსეთის მოსახლეობას ჩააყენებს სრული იზოლაციისა და ინფორმაციული ვაკუუმის მდგომარეობაში. რაც შეეხება კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ზეგავლენას სხვა საზოგადოებებზე, მიმდინარე ომის ყოველდღიური საშინელებათა ფონზე პროპაგანდა ბევრ მოხალისე მიმდევარს დაკარგავს. თუმცა, გულუბრყვილო ოპტიმიზმი იქნება იმის თქმა, რომ ეს ეტაპი რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ჩამოშლის წინაპირობაა. ამ მანქანას ბევრი ავტორი ჰყავს და ის აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას ახალი მესიჯებით, ახალი მანიპულაციებით, ახალი თემებით და ახალ სამიზნე ჯგუფებზე თავდასხმით... უფრო რეალური ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ პროპაგანიდისტული კამპანია ისეთივე დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, როგორც ნებისმიერი სამხედრო კამპანია. ვფიქრობ, გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება ამ მანქანის კვლავ მძლავრად ამუშავებას გარე სივრცეში და ეს დრო ქართულმა მედიამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი ცნობიერების გაჯანსაღებისთვის.