თეგი: გზების დეპარტამენტი

საქართველომ გზების კონტრაქტორებს არბიტრაჟში 187 მილიონი მოუგო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორებს, რომლებმაც მილიონობით ლარის ანაზღაურების მიუხედავად პროექტები არ განახორციელეს, სახელმწიფოს წინაშე 187 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრათ.  დავები წარმოებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან. საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რა დროსაც უკრაინულმა კონტრაქტორმა კომპანია „Road Building ALTKOM“-მა დაახლოებით 25 მილიონი ევრო ავანსის სახით აიღო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა და ქვეყანა დატოვა. შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის I მონაკვეთის მშენებლობის ტენდერი „Road Building ALTKOM“- მა 2013 წელს  მოიგო. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარი იყო, მაგისტრალის მშენებლობა კი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოების მსვლელობისას ავანსის სახით 25 მილიონი ევრო მიიღო, რაც იმდროინდელი კურსის შესაბამისად, დაახლოებით 60 მილიონი ლარი იყო. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიას პროექტის მიმდინარეობისას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. 2016 წლის ზაფხულში, პროექტის დაწყებიდან ორი წლის თავზე, 11.5 კილომეტრიანი სიგრძის გზის მხოლოდ 2 კილომეტრის მშენებლობა იყო დასრულებული. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. როცა ALTKOM-მა ტენდერი მოიგო ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავით ნარმანია, ხოლო საგზაო დეპარტამენტს დავით შავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაკითხეს.  

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა, მსუბუქი ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით იმოძრავებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან ზესტაფონამდე (საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე). როგორც დეპარტამენტი აცხადებს, მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის - გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის უღელტეხილი) განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლა გრძელდება. "კვლევებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებიც პირველად დასკვნას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს წარმოადგენენ. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენაზე მსჯელობა. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს მეწყრული უბანი, მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია უწევს და მისი მოწვევით, მეწყრული უბნის შესწავლაში ჩართულები არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან აიკრძალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო - გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა, რომ სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის საპროექტო გადაწყვეტილება და თავად პროექტი, „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით, საერთაშორისო დონის საგზაო ინჟინერიაში ერთ-ერთმა დიდმა ამერიკულმა კომპანია „აეკომმა“ მოამზადა. „ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა ეს პროექტები გადაწყვეტილი. ამასთანავე, „აზიის განვითარების ბანკისა“ და „მსოფლიო ბანკის“ მოწვევით, შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია და გადახედვა მოახდინეს“, - განაცხადა წერეთელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა, მიმდინარე პროცესები კი მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელია, თუმცა არსებული პროცესების მართვა და მონიტორინგი უცხოური საზედამხედველო კომპანიების მიერ 24 საათის განმავლობაში წარმოებს. „პროექტირების ეტაპზე, გეოლოგიური კვლევისთვის ტერიტორია დაახლოებით 250 ხიმინჯოვანი ბურღით გაიბურღა, რაც უპრეცედენტოა. არსებობს გეოლოგიური რუკა. შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები გაწერილია საპროექტო გადაწყვეტილებაში, რის მიხედვითაც მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის სამშენებლო პროცესი და როცა სამთო გზები კეთდება, ვმუშაობთ მთიან რეგიონში, ასეთი ინციდენტები შესაძლებელია მოხდეს. ჩვენ ვართ ფრთხილად იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო ზიანი და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება. სწორედ ამის გამო მოგვიწია რამდენჯერმე მოძრაობის გადართვა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.  

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფლად მიმდინარეობდა - გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილის 7 საათიდან დაიწყო. დღის პირველ ნახევარში, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებული იყო მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან. ამასთან, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24 საათიან მკაცრ მონიტორინგს. „ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით: მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ასევე, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დასრულდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მონკვეთზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

29 აპრილს, დევდორაკის გვირაბში 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 29 აპრილს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. „საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.  

გზების დეპარტამენტი: ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობა შეზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება. გზების დეპარტამენტი: ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობა შეზღუდა შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილებისთვის დაწესებული სპეციალური რეჟიმის მოქმედებისას, მსუბუქ ავტომობილებს მოძრაობა 06:00 საათიდან - 21:00 საათამდე შეუძლიათ, ხოლო სატვირთო ავტომობილებს 23:00 საათიდან - 05:00 საათამდე.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშაოს დროს, მიწის მცირე მეტრიანი მასა ჩამოიშალა. „შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოს გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული. აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში. გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაო. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40 მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე. ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს,“ - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.  

მიწის მასის ჩამოშლის გამო, შატილის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია - გზების დეპარტამენტი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამით მოსული ნალექის შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოს ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.