თეგი: გია არაბიძე

რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება, როცა კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალით, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი დაუშვა

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კომპანიის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება 6 დღეში და რატომ დაუშვა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ევროპის მიმართულებით, „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით გადაზიდული ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და  კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. რატომ დათმო რუსეთმა პოზიციები? ყაზახეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოსვლები მთლიანად ამოვარდნილია პუტინის მსოფლმხედეველობიდან. რუსეთის ქმედება არაა ახალი, როცა მოწინააღმდეგის ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნით ურტყამს. გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ შემდეგ კრემლში გათვალეს, რომ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერება რუსეთისთვის არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არაა მომგებიანი. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთისთვის ახლა ნავთობის თითოული ბარელის, ნახშირისა და გაზის გაყიდვა სასიცოცხლოდ აუცილებელია და მნიშვნელოვანი. ET: რა იყო რუსეთის ორივე გადაწყვეტილების კონტექსტი? პირველი ვარიანტი ის იყო, რომ ყაზახეთს ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ უთხრეს, რომ „ჭკვიანად იყავით“. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ვარიანტი არ გამოდის, ჩვენება შეცვალეს და კომპანიას ჯარიმა დააკისრეს. თუმცა აქ სხვა კონტექსტია ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. თუ ის ვარიანტი გავიდა, რასაც ყაზახეთის პრეზიდენტი თოყაევი გეგმავს, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთისა და თურქმენული ენერგომატარებლების ევროპაში გასატანად. რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების გატანას სოლიდური ინვესტიციები სჭირდება. ეს შესაძლოა, დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ ის, რომ იდეოლოგიურად აღმოსავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, რომ თავიანთი რესურსები ევროპაში რუსეთის მიღმა გაიტანონ, ესაა დიდი მიღწევა და გარდატეხა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მოხდა. ყაზახური ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გატანა მარტივი არაა. ნედლეული კასპიის ზღვამდე კონტეინერებით უნდა გადმოიზიდოს, შემდეგ კი ან ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ან სუფსის მიმართულებით წავიდეს, ან რკინიგზით გადაიზიდოს ევროპისკენ. მაგრამ ეს უკვე ტექნიკური საკითხებია. თუ თანხები არსებობს, ტექნიკური მხარე აუცილებლად მოგვარდება. მთავარია სურვილი გაჩნდა და აზიის ქვეყნებმა ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენების შესახებ განხილვები დაიწყეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაავალა, რომ მოძებნონ ალტერნატიული გზები ნავთობისა და გაზის ევროპაში გასატანად. ეს სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ თურქმენული და ყაზახური ენერგომატარებლები აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში გავა. ET: თოყაევის განცხადებამ ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ახალი მარშრუტების მოძიების შესახებ, რამდენად მოახდინა გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომ ყაზახური ნავთობის ექსპორტი ისევ დაეშვა? რუსეთი მიხვდა, რომ საკითხის უფრო მეტი გამწვავება, კიდევ უფრო დააჩქარებდა ყაზახეთიდან რუსეთის გვერდის ავლით, ენერგომატარებლების გატანის პროცესს. თოყაევი ძალიან კარგად ხვდება, რაც ყაზახეთში მოხდა რუსეთის დაგეგმილი იყო. ET: ექსპერტებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ საკითხს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს და რუსეთის გადაწყვეტილებით თოყაევზე მოხდა ზეწოლა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღაროს. რასაკვირველია... რუსეთი ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ რასაც სჩადის უკრაინაში, რამენაირად ეს ქმედება გაამართლოს. სანკტ-პეტერბურგში თოყაევს საკმაოდ ხისტი გამოსვლა ჰქონდა, სადაც თქვა რომ ლუგანსკის, დონეცკის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც კვაზი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ნაზარბაევსაც კი არ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები, როდესაც საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რუსეთის ქმედებების შემდეგ, კი თოყაევმა ისიც საკმაოდ ღიად თქვა, რომ ყაზახეთი ენერგორესურსებს სხვა გზით გაიტანს. ET: რამდენად მზადაა საქართველო? შესაძლებელია თუ არა ამ რესურსის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ან „საქართველოს რკინიგზით“ გადაზიდვა? საქართველოს აქვს რესურსი. ტექნიკურად არის იმის საშუალება, რომ საქართველოზე გამავალმა მილსადენებმა და რკინიგზამ, ინფრასტრუქტურის მწყობრში მოყვანის შემდეგ, გაატაროს საკმაოდ დიდი რაოდენობის ყაზახური ნავთობი. მარტო ტრანზიტისა და გადატანის საფასური იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი „ჟანგბადი“ იქნება. ქართულმა მხარემ უნდა მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა.  ესაა ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და გადაზიდვის ტარიფები მიმზიდველი. ჩვენთვის „საქართველოს რკინიგზაა“ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო ადგენს გადაზიდვის ტარიფებს. ყველა ინვესტორს, ვინც ამ პროექტში ფულს ჩადებს, უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ საქართველოში ტვირთების გადაზიდვის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.  

რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით

„დღეს ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საკვანძო პარტნიორია ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსულ წიაღისეულ საწვავს”, - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაა, რომელიც 18 ივლისს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორი, აზერბაიჯანი აირჩია ერთ-ერთ ალტერნატივად. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს, ამის გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტთან შეეცადა.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გია არაბიძე ამბობს, რომ თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. „ერთი კუბური მეტრით მეტი გაზიც რომ გავიდეს საქართველოზე, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდ სარგებელს მოიტანს. განსაკუთრებით ახლა, ამ პერიოდში, როცა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ნახევარი მილიონი კუბური მეტრი გაზი წლიურად, შეღავათიან ფასში უნდა მივიღოთ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან, რამდენიმე წელიწადში ვადა უმთავრდება. ინფორმაციისთვის, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება. სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სიგრძე აზერბაიჯანსა და საქართველოს მონაკვეთზე 691 კმ-ს შეადგენს, საქართველოს მონაკვეთზე კი მისი სიგრძე 249 კმ-ია. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმთან ადგილობრივი გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს. SCP-ის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. მილსადენით საქართველომ გაზი 2007 წლის დასაწყისში მიიღო. საქართველოს ტერიტორიაზე SCP-ი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მეტწილად საერთო დერეფანში არის მოქცეული. პროექტის ღირებულებამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მილსადენი კონსორციუმის საკუთრებაა, რომელშიც BP, Statoil, SOCAR, LukOil, NICO, Total და TPAO მონაწილეობენ. BP-ი პროექტის ტექნიკური, Statoil-ი კი - კომერციული ოპერატორია. განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულებისა და სრული წარმადობით ამუშავების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 21-24 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს. გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო არის არა მარტო სატრანზიტო, არამედ ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანა. საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-მდე მოცულობა შეისყიდოს შეღავათიან ფასად. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის. პროექტის პარტნიორები: BP, SOCAR, Statoil, LukOil, NICO, Total, TPAO. ამიტომ, 500 მლნ კუბური მეტრი გაზის ამოღება ჩვენი ბალანსიდან გარკვეულ პრობლემას შექმნის ტარიფებთან დაკავშირებით - ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტია - თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], ეს ძალიან კარგ ამინდს შექმნის ჩვენთან, რომ შევძლოთ ჩვენი მაღალეფექტიანი თბოელექტროსადგურების დატვირთვა და ელექტროენერგიის იმპორტი შევამციროთ. აზერბაიჯანი ამბობს, რომ შეძლებს სადღაც 30 მილიარდამდე ავიდეს, ეს ძალიან კარგი ციფრია და თუ ყაზახეთიც და თურქმენეთიც ჩაებმებიან, რასაც სერიოზული ინვესტიციების სჭირდება, მაშინ, ევროპაც და ჩვენც დიდ სარგებელს მივიღებთ და იმპორტირებული გაზის პრობლემა გადაგვეჭრება. 90-იან წლებში ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ ევროპელებს, რუსეთს არ მინდობოდნენ და ნაბუქოს სქემა განხორციელებულიყო, მათ ამხელა პრობლემა არ ექნებოდათ და ევროპის გაზით მომარაგების საკითხი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ნაბუქო ვერ „დაიქოქა“ და აზერბაიჯანი-თურქეთის ხაზი გაკეთდა, რომელმაც საქართველოზე გაიარა“. ინფორმაციისთვის „ნაბუქო“ (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. ენერგეტიკოსის ვარაუდით, „ახლო მომავალში მძლავრი, ალტერნატიული ქსელის შექმნაზე სერიოზული ფიქრი დაიწყება“. „გერმანია ამბობს, მომიტანეთ გაზი ჩემს საზღვრამდე და მოგცემთ იმაზე მეტს, რასაც რუსეთს ვუხდი. ეს რეალობას მოკლებულია, რადგან ვერც ჩვენ, ვერც აზერბაიჯანი და თურქმენეთი ვერ ვიშოვით იმდენ ფულს, რომ თურქმენეთი ჩავრთოთ, ახალი ხაზი გავხსნათ და გერმანიამდე მივიდეთ. თუმცა უნდათ თუ არ უნდათ, ახლო მომავალში დაიწყება სერიოზული ფიქრი მძლავრი, ალტერნატიული ქსელის გაკეთებაზე, რასაც ბუნებრივია, დიდი დრო და სახსრები დასჭირდება. ჩვენი ტერიტორიის გარეშე ეს პროექტი არ განხორციელდება, არ მგონია, რომ სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობა ისეთ დონეზ დათბეს, რომ ახალი მარშრუტი მოიძებნოს - აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი და მერე ევროპის გაზსადენი. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ BP-სთან, აზერბაიჯანთან და საქართველოს არ შეუქმნია პრობლემა ამ გაზსადენის მუშაობის დროს. გაზის რაოდენობის გატარებასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავაუმჯობესოთ არსებული ინფრასტრუქტურა. საჭირო იქნება საკომპრესორო სადგურებიც დამატება, რაშიც საქართველო ალბათ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“, - ამბობს Europetime-თან გია არაბიძე.  ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა ცნობისთვის, 2007 წლიდან გაზის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანია. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, 2012 წლიდან 2022 წლის I კვარტლის ჩათვლით, საქართველოს მიერ ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტზე ჯამურ დანახარჯებზე დაკვირვებით საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია. საქართველოსთვის ძირითადი ენერგეტიკული პროდუქტების მთავარი ექსპორტიორია აზერბაიჯანი და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთი. გაზის იმპორტი ყველაზე ნაკლებად არის დივერსიფიცირებული სხვა ენერგო პროდუქტებთან შედარებით, გაზის 82% იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და 16% - რუსეთიდან. შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს, არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა.

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

„ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია“, - ამის შესახებ Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ გაუცხადა, რითაც გამოეხმაურა Reuters-ის ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „ვინაიდან აქ პირდაპირი მილსადენი არ არის, ყაზახეთიდან კონტეინერებით უნდა ჩამოვიდეს ნავთობი ბაქოში. შემდეგ, ბაქოდან ორი მიმართულებით წავა: „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით. პირველ და მეორე ნავთობსადენსაც აქვს დაახლოებით 20%-იანი რეზერვი, რომ ნედლეულის დამატებითი რაოდენობა გაატაროს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყაზახეთის ნავთობის ევროპაში გადასაზიდად, აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით, ინფრასტრუქტურა მზადაა, ბუნებრივია, საქართველოც მიიღებს სარგებელს“, - აცხადებს არაბიძე. 27 ივლისს საქართველოს პრემიერის და სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტისას რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. მათ შორის ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით. „რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მთავარია სატრანზიტო ნაკადები. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო და ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არამხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - განაცხადა 15 ივლისს ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელმა ყასიმ ტლეპოვმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ყაზახეთის ნავთობის ევროპაში გადაზიდვის მეორე ალტერნატივად, „საქართველოს რკინიგზას“ განიხილავს. „მეორე ვარიანტია ყაზახეთის ნავთობპროდუქტების „საქართველოს რკინიგზით“ გადატანა. სქემა ასეთია - ნავთობპროდუქტები ყაზახეთის რკინიგზით ჩადის ბაქოში, შემდეგ ბაქოდან „საქართველოს რკინიგზის“ გავლით ევროპისკენ მიემართება. ეს ძირითადად „ბაქო-სუფსის“ მიმართულებიდან უნდა მოხდეს“, - აცხადებს გია არაბიძე Europetime-თან. Reuters-ის ცნობით, აზერბაიჯანულ მხარესთან ხელშეკრულება ყაზახური ნავთობის გადაზიდვის შესახებ აგვისტოს ბოლოს უნდა გაფორმდეს, ხოლო ნედლეულის გადაქაჩვა „ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის" მილსადენით ერთი თვის შემდეგ დაიწყება. თუმცა გამოცემა წერს, რომ ყაზახეთის ნავთობის გარკვეული მოცულობები „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გადაზიდა. ამას გასულ კვირას „საქართველოს რკინიგზის “ მიერ გასაჯაროებული მონაცემებიც ადასტურებს. 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა. გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი, შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა. გია არაბიძე მიიჩნევს, რომ „ბაქო-თბილის-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით, ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. „ესაა რეალური სქემა და მისი შესრულება შესაძლებელია. მთავარია ნავთობპროდუქტები ჩამოვიდეს ბაქოში, საიდანაც მისი გამოტანის საშუალება არსებობს. ესაა სწრაფი და იოლი გზა შუა აზიის ენერგორესურსების გადმოსაზიდად“. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს ყაზახეთისთვის ტრანსკასპიური მარშრუტი მიმზიდველი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის სასამართლომ 5 ივლისს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. 6 დღეში კრასნოდარის სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი შეცვალა და კომპანიას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. ცნობილია, რომ „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არ გამორიცხავს, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საკითხზე, ივლისში მომხდარი ინციდენტის გამო, ყაზახეთმა ახალი პროექტების განხორციელება გადაწყვიტოს. „ნოვოროსიისკის“ მარშრუტი ყაზახეთისთვის საიმედო აღარ არის. პირველ ეტაპზე მოხდება ყაზახეთის ნავთობპროდუტების „საქართველოს რკინიგზის“, „თბილისი ბაქო ჯეიჰანისა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა. ყაზახეთის რესურსებიდან გამომდინარე აუცილებლად დაიწყება ფიქრი იმაზე, რომ პირდაპირი მილსადენი აშენდეს და შეუერთდეს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ნავთობსადენს, რომლის გაძლიერებაც მისი გამტარუნარიანობიდან გამომდინარე შესაძლებელია. რაც შეეხება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გაზის ტრანზიტს, როგორც თურქმენეთის ასევე ყაზახეთის შემთხვევაში, აუცილებლად ასაშენებელია ახალო გაზსადენი, რომელიც კასპიის ზღვაზე გაივლის“, - აღნიშნა არაბიძემ.  

ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე

დღეს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ენეგოსექტორის ის სამი მიმართულება დაასახელა, რაშიც ილჰამ ალიევი ახალ პერსპექტივას ხედავს და ამ კუთხით ინვესტირებაა დაგეგმილი. საგულისხმოა, რომ ამ პროექტების განხორციელებისას, აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორი, საქართველოა. კერძოდ, აზერბაიჯანი 2027 წლისთვის ევროპაში 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს. ბუნებრივი აირის გამტარი „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენია. ამასთან, ალიევმა დღეს ღიად თქვა, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება და დამატებითი მოცულობის აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა იგეგმება „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენით. ამ ენერგოპროექტების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე, Europetime საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები, ძირითადად უკვე მოქმედ ენერგოპროექტებზე გაკეთდა. რამდენად  მზადაა სისტემა, რომ გაზისა, ნავთობისა და ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები გაატაროს? ალიევის მთელი გამოსვლა, კონფლიქტებზე საუბრის ნაწილის გარდა, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებს ეხებოდა. აქ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოყო სამი ძირითადი მიმართულება, სადაც პირველია „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი. ასევე, ყურადღება გაამახვილა „ბაქო-სუფსის“ მილსადენის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე და მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდის საკითხზე. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს“ დღეს აქვს რესურსი, რომ გამტარუნარიანობა 12 მილიონ ბარელამდე გაზარდოს. ალიევს სურს, რომ 2027 წლისთვის ევროპაში გაზის მიწოდება გააორმაგოს. ეს არაა პატარა ციფრი, „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენისთვის და აზერბაიჯანისთვის. გასულ წელს, ამ გაზსადენის გავლით ევროპამ, 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. შემდგომ, გაზის ტრანზიტი ძირითადად იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში განხორციელდა.  წელს ეს მაჩვენებელი 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება და როცა საუბარია 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია. ბუნებრივია, ამას უნდა დაემატოს გაზის ის მოცულობა, რაც გადის მილსადენში თურქეთის საჭიროებისათვის. მანამდე, 2030 წლისთვის იყო დაგეგმილი, რომ „ბაქო-თბილისი-ერზრუმით“ გატარებული გაზის მოცულობა 27 მილიარდამდე გაზრდილიყო. ET: რამდენად რეალურია, რომ აზერბაიჯანი ამ მაჩვენებელზე გავა 2027 წელს და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? ის, რასაც ალიევი ამბობს, რომ თუ 2027 წლისთვის მოხერხდა ტექნიკურად და საბადოებიდანაც და ამ რაოდენობის გაზმა გაიარა ჩვენს მილსადენში, ეს იმას ნიშნავს, რომ გატარებული გაზის 5% საქართველოს ე.წ. „ოფციურ გაზად“ დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რადგან 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის 5%, 1 მილიარდი კუბური მეტრია, ამას დაემატა 500 მილიონი დაბალ ფასში შესყიდული გაზი და ამის საფუძველზე თბოელექტროსადგურებით შევძლებთ იმ რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას, რომ მაქსიმალურად ჩავანაცვლოთ იმპორტი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი (რედ. პერსპექტივა,) ალიევის განცხადებიდან, რაც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს. ET: რაც შეეხება საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტს, ალიევმა საკმაოდ მაღალი ციფრი 157 გეგავატი დაასახელა. რა რესურსით გაიზრდება ეს მაჩვენებელი მაშინ, როცა არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს გავლით თურქეთში აზერბაიჯანის ექსპორტის მაჩვენებელი გაცილებით მცირეა. ამ საკითხზე საუბრისას, ალიევმა ახსენა, რომ ექსპორტზე უნდა გაიტანონ 157 გეგავატი, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოსკენ მიმართული. ეს კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. აზერბაიჯანს საქართველოს გავლით ევროპაში, თურქეთის გავლით შეუძლია ელექტროენერგიის გატანა. თურქეთში საქართველოს გავლით აზერბაიჯანს ელექტროენერგია ახლაც გააქვს. ვფიქრობ, ალიევმა ეს ციფრი როცა დაასახელა გულისხმობდა ახალ პროექტს, რომელიც ახლა განხილვისა და დამოწმების ფაზაშია. ეს პროექტი გულისხმობს, შავი ზღვის ფსკერის გავლით, რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს. ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი როცა გადაწყდება და შავი ზღვის ფსკერზე ეს კაბელი ჩაიდება, მაშინ ამ მოცულობის ექსპორტზე საუბარი რეალურია. რაც შეეხება სხვა საკითხს, ჩვენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემოგვაქვს, შემოგვქონდა და მომავალშიც შემოვიტანთ აზერბაიჯანიდან და ამ ქვეყანას ჩვენი გავლით თურქეთში სულ მცირე 200-300 მეგავატი გააქვს. იყოს გარკვეული პერიოდი, როცა საქართველოს გავლით, ექსპორტი 300-400 მეგავატსაც აღწევდა. ET: რაზე მიანიშნებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დღეს, ამ ენერგოპროექტებსა და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ღიად გაკეთებული განცხადებები? აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ალიევის დღევანდელი განცხადებები, ამას უფრო თვალსაჩინოს ხდის. რაზეც დღეს ალიევმა ისაუბრა, ამ პროექტებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც განიხილავს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის გაზრდის ნავთობის ტრანზიტს საქართველოს გავლით, როგორც „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“, ისე „სუფსის“ მილსადენით. ალიევი ძალიან სერიოზულად ფიქრობს გაზის მიწოდების გაზრდაზე ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტზეც. სამი მიმართულება - ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია, ის სექტორებია, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ძალისხმევის გამოჩენასა და საქმიანობის გაფართოებას ფიქრობს. ეს რესურსები ყველა შემთხვევაში საქართველოზე გაივლის, რითაც ქვეყანა დამატებით სარგებელს მიიღებს.