თეგი: გიორგი ზურაბაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. შესაბამის განცხადებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "გიორგი ზურაბაშვილი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე გიორგი ზურაბაშვილი ევროპის დეპარტამენტის დირექტორი იყო, ზურაბაშვილი 2019 - 2024 წლებში ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, ხოლო 2014 - 2019 წლებში ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2013 - 2014 წლებში ზურაბაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ, 2012 – 2013 წლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი "საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი; 2005 – 2012 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი; 2002 - 2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1996 – 2002 წლებში კი, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. გიორგი ზურაბაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეების თანამდებობებზე მუშაობას განაგრძობენ: ლაშა დარსალია, ვლადიმერ კონსტანტინიდი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ხათუნა თოთლაძე. შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ჯანჯალია აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, მან თანამდებობა დატოვა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა. შესაბამისი განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. “რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას, ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. გიორგი ზურაბაშვილი არიას ძალიან გამოცდილიო დიპლომატი. საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, ასევე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის პირველ ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. დარწმუნებული ვარ, გიორგი ზურაბაშვილი მისი ცოდნითა და გამოცდილებით საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, ახალი პოზიციის მიუხედავად, გიორგი ზურაბაშვილი გააგრძელებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს თავად ზურაბაშვილის თხოვნა და ინიციატივა იყო. „ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კონსულტაციები გიორგი ზურაბაშვილთან და მისი თხოვნა იყო, რომ მას განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც და ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ, შესაბამისად, გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას, თუმცა რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო აღდგენის საკითხზე შეკითხვას, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა.“ „შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. შეგახსენებთ, გიორგი ზურაბაშილი სახელმწიფო უწყებებში 1992 წლიდან მუშაობს, მას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 2021 წელს მიენიჭა. 2014-2024 წლებში ის ირლანდიაში ჯერ დესპანის, შემდეგ კი ელჩის რანგში მსახურობდა. 2005-2012 წლებში გიორგი ზურაბაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო. რუსეთის ფედერაციასთან პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის პოზიცია თითქმის ერთი წელი, 2025 წლის დეკემბრიდან, ვაკანტურია. ამ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა ზურაბ აბაშიძე, რომელიც 2024 წელს გიორგი ქაჯაიამ შეცვალა. ქაჯაიამ პოსტი 2025 წლის პირველ დეკემბერს დატოვა. კითხვას, რატომ არ დანიშნა რუსეთის ფედერაციასთან მისი სპეციალური წარმომადგენელი აქამდე? კობახიძემ უპასუხა, რომ „დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა.“ "ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად - ბატონი ალეკო წულაძე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა. შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.