თეგი: გიორგი კაკაურიძე

გიორგი კაკაურიძე: საქართველოს საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უსაფუძვლოს უწოდებს.  რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა ამის შესახებ, მან ჟურნალისტებს დღეს, საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას განუცხადა.  „არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს... არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან", - განაცახადა მინისტრის მოადგილემ.  მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. „ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას,“- აღნიშნა კაკაურიძემ.  

„ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელსაც საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის დაასანქცირებენ, არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც "ჯორჯიან ეარვეისია", არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. "უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. "ჯორჯიან ეარვეისის" ან ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციებს და ამის გამო დაასანქცირებენ, ეს არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც არის "ჯორჯიან ეარვეისი", რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი. თუმცა, უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. საერთაშორისო სანქციების მიღებას აქვს თავის პროცედურები და წესი, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" თუ არ დაარღვევს სანქციებს (მე დიდი იმედი მაქვს, არც ერთი კომპანია არ დაარღვევს და ყველა აღასრულებს იმ სანქციებს, რომლებიც დაწესებულია როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ისე ამერიკის მიერ), არ მოხვდება სანქცირებულთა სიაში. უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას," - განაცხადა კაკაურიძემ. ინფორმაციისთვის, "ჯორჯიან ეარვეისი" უკრაინამ დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.  

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ. შესაბამისი განცხადება გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში “ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ განაცხადეს, საბიუჯეტო ცვლილებებში ასახული არ იყო პრემიერი-მინისტრის მიერ დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის მიცემული დაპირება. ამასთან დაკავშირებით კაკაურიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს 20%-ად უღირს რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადო, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მაგალითად საბანკო სექტორი მოიყვანა და აღნიშნა,  რომ საბანკო სექტორში არსებობს დავალიანებები, რომელთა ამოღება არ ხდება, ხდება ჩამოწერა, ხოლო ზოგ შემთხვევაში ბანკს აწყობს, რომ რაღაც ღირებულებით გაიყიდოს. „სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ - პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება. 20%-იანი ანაზღაურება სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ უნივერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოსყიდვა გააკეთოს - ეს ვალდებულება, სტუდენტების მიმართ მოთხოვნა დათმოს და სახელმწიფო ამ თანხას არ მოსთხოვს. თუ რომელიმე უნივერსიტეტს ამის გაკეთება არ ენდომება, ვერავინ აიძულებს. არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, თუმცა დარწმუნებულია ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება,“ - განაცხადა კაკაურიძემ. მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდება  

გიორგი კაკაურიძე: ვფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის განახლება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის შეწყვეტა ქვეყნისთვის კარგი არ არის, დამაზიანებელია. კაკაურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია და არა შეწყვეტილი. კააკურიძემ დღეს თავი შეიკავა სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით სებ-ის ე.წ. საგამონაკლისო წესის მიღების გადაწყვეტილების შეფასებისგან. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პოზიციიდან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეფასება არასწორი იქნება. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია „რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის არ არის შეწყვეტილი - პროგრამის მიმოხილვა არის დროებით შეჩერებული. შეწყვეტასა და შეჩერებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - არ შედგა მიმოხილვა და არის შეჩერებული! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს მიმოხილვის გაგრძელება შესაძლებელი იქნება და სავალუტო ფონდის ბორდზე ჩვენი პროგრამის გაგრძელება მოხდება. იმის მიუხედავად, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამა შეჩერებულია, ფისკალურ ნაწილში შეთანხმებული პროგრამის პრინციპებს მივყვებით - მათ შორის დეფიციტის, ვალის და ყველა იმ პუნქტის მიხედვით, რაც არის გაწერილი. ტექნიკური მისიები არ შეჩერებულა, ტექნიკური მისია აქ არის. ნოემბრის ბოლოსთვის ცნობილი იქნება მათი მოსაზრება თუ როგორი ცვლილებებია განსახორციელებელი სებ-ის საბჭოში იმისთვის, რომ საბჭოს ფუნქცია მეტად გაიზარდოს. აქ მხოლოდ დამოუკიდებლობა არ არის - საუბარია ეროვნული ბანკის ბორდის მოწყობაზე, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ბორდს. დაახლოებით, ექვსი თვეა, ამაზე ტექნიკური მისია მუშაობს,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ “ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას.  

საპენსიო სესხების განულება არც მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაშია გათვალისწინებული

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება მიზანშეწონილი არაა, რადგან ეს არის მოქმედი პროდუქტი და მომავალშიც იგივე მოცემულობის დადგომის ალბათობა არსებობს. ამის შესახებ მან პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფთან“ შეხვედრისას, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კაკაურიძის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, რომ პენსიონერებს დღეს პურსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ. „პენსიონერები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ყოველდღე იმას ფიქრობენ პური იყიდონ თუ წამალი. ამ ადამიანებმა სესხი რატომ აიღეს? უდიდესი გაჭირვების გამო, თორემ 290 თუ 295 ლარიდან სესხში 70-90 ლარს იხდიან, მძიმე დღეში არიან. თუ ამის პოლიტიკური ნება და სურვილი იქნება, ეს არის ძალიან მარტივი. ეს ფული არის ჭარბი შემოსავალი, რომელიც დაგეგმილი არ იყო,“ - განაცხადა ვაშაძემ. გიორგი კაკაურიძის თქმით, საპენსიო სესხების განულება არც მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაშია გათვალისწინებული. მან განმარტა, „საპენსიო სესხების განულება რატომ „არ არის მიზანშეწონილი.“ „როცა ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერების ვალების განულებაზე, ამ შემთხვევაში, რას ვშვრებით, ვაუქმებთ მომავალში საპენსიო სესხს? ვთქვათ, 400 მლნ მოვაკელით სხვა რაღაცას და გადავიხადეთ საპენსიო სესხების განულებაში, შემდეგში რას ვშვრებით? ხვალ რომ 360 ათასის ნაცვლად, 800 ათასმა პენსიონერმა აიღოს სესხი, ვუკრძალავთ სესხის აღებას თუ შემდეგ იმასაც ვფარავთ? რა მიდგომა გვაქვს? თუ რაღაც პროდუქტი არსებობს და იმ პროდუქტის გამოყენება ხვალაც გრძელდება, ამ შემთხვევაში, მისი გადახდა ბიუჯეტიდან არ არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ავტომატურად ერთ თვეში შეიძლება დადგე იგივე მოცემულობის წინაშე. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ახლა 400 მლნ, რომელიც დაახლოებით 30 ლარით რომ გაზარდო პენსია ამას ჰყოფნის წლიურად, გადავიხადოთ პენსიონერების ნაწილის ვალის დაფარვაში. მომდევნო წლის ბიუჯეტში მსგავსი თანხა გათვალისწინებული არ არის, პირველად ვერსიაში. არ შეიძლება, 400 მლნ გადავიხადოთ იმაში, რა მოცემულობაც ხვალაც დადგება,“ - განაცხადა კაკაურიძემ.  

გიორგი კაკაურიძე: სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებით გამოსყიდვის ხარჯებს განათლების სამინისტრო გაიღებს

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებით გამოსყიდვის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს.  კაკაურიძის თქმით, რა ხარჯებზე იქნება საუბარი სამინისტროს მხრიდან, ეს დაახლოებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი. „პრემიერს არ უხსენებია, რომ 40 მილიონი დაიხარჯება ბიუჯეტიდან. 40 მილიონი ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. იქნება გამოსყიდვა ამ ვალდებულებების საბაზრო ღირებულების, რაც აქვს ამ ვალდებულებებს, როგორც არსებობს პროდუქტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ გამოსყიდვის ხარჯებს. რა თანხა იქნება ზუსტად, ამას ვიხილავთ 1 თვის განმავლობაში. ეს იქნება გაცილებით ნაკლები 40 მილიონზე,“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე: არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა  

ნაკლებად ვუსმენ ლავროვის განცხადებებს, რადგან ვფიქრობ, ის არ არის საქართველოს კეთილმოსურნე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასება სთხოვა. „მე ნაკლებად ვუსმენ ხოლმე ლავროვის განცხადებებს, რადგან ვფიქრობ, რომ ის არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. ის არასდროს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო განცხადებას და ძალიან კარგი იქნება, თუ მის განცხადებებს არ გავიმეორებთ ხოლმე,“ - უპასუხა დეკანოიძეს გიორგი კაკაურიძემ. „თქვენ და ლავროვი ერთიდაიგივეს ლაპარაკობთ სულ. თქვენი და ლავროვის განცხადებები არის უნისონში,“ - მიმართა ასევე საპასუხოდ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დეკანოიძეს. მან ოპოზიციონერ დეპუტატს გამოსვლა შეაწყვეტინა, რასაც ხმაური მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძესა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დეკანოიძის შეფასებით, „ლავროვმა „ჩაუშვა“ საქართველოს ხელისუფლება, რომ ფრენებთან დაკავშირებით მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდათ.“ საპასუხოდ, სარჯველაძემ დეკანოიძეს მიმართა, რომ ის, რასაც აკეთებს, „ხულიგნობაა და სასაცილოდ გამოიყურება“. მისივე შეფასებით, როდესაც ოპოზიციას არგუმენტები ელევა, „ლავროვი მათ „პადაჩას“ აწვდის.“ ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვას წარადგენდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და მიზანშეწონილია, შეიცვალოს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე არ ფიქრობს, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდება. კითხვას, ელოდება თუ არა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლოა, არ ჩაუშვან, კაკაურიძემ უპასუხა, რომ ამას არ ელოდება. „რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ მე ჩავალ თუ არა? ბლინკენს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ ის, რომ ინდივიდუალურ ადამიანებზე და ნებისმიერი თანამდებობის პირზე ჩავიდნენ, მსგავს გადაწყვეტილებას [არ ვიცნობ]. არ მგონია, რომ პირად სანქციაზე იყოს, რადგან არ ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის სანქციები ადეკვატურია, რომ ფინანსთა მინისტრს, ან მისს მოადგილეს [დაუწესდეს], თუ მას რამე კონკრეტული დანაშაული არ მიუძღვის,“ - განაცხადა კაკაურიძემ. მან მედიას შესაბამისი შეკითხვების საპასუხოდ განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პარტნიორია, რის გამოც, მასთან ურთიერთობები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. „ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენი კურსია, რა კურსითაც ქვეყანა მიდის, ეს არის ევროპული კურსი, ამიტომ, იმ ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის პოზიციები, რაც როგორც ევროკავშირთან, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვქონდა. ფინანსურ დახმარებას აქვს ერთი ნაწილი, რომელიც გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტნიორებთან ურთიერთობა, ის ურთიერთობა, რომელიც გვქონდა, უნდა გვქონდეს აუცილებლად და გვექნება. რაზე რა გავლენა იქნება, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან მიღებული, ამაზე ნამდვილად ვერ გეტყვით,“ - განაცხადა კაკაურიძემ. ეთანხმება თუ არა საქართველოს ხელისუფლების კურსს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამ შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ „საქართველოს ხელისუფლების კურსი არის, იყო და უნდა იყოს ყოველთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.“ ეთანხმება თუ არა ის კანონის ამ ფორმით ძალაში შესვლას: კაკაურიძე აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა შედგეს.“ „კანონი ძალაში როგორი შევა, მთავარი არის ეს, ამ ფორმით შესვლას ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის, ქვეყანა ეწინააღმდეგება, ამიტომ, საუბარი იყო, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე, პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დიალოგის შესაბამისად შესაძლებელია, ის პრობლემური საკითხები, რომელებიც არის, შეიცვალოს. გამჭვირვალობის პრობლემა მე მგონი, არავის უნდა ჰქონდეს, გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია, შეიცვალოს,“ - აცხადებს კაკაურიძე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)