თეგი: გიორგი მათიაშვილი
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებზე იმსჯელეს. „გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სამხედრო კომიტეტის სხდომას გენერალ კლაუდიო გრაციანოს მიწვევით დაესწრო, რომელიც ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავჯდომარის პოსტს ტოვებს და მას მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ავსტრიის თავდაცვის ძალების მეთაური გენერალი რობერტ ბრიგერი შეცვლის. თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე შეხვდა მოლდოვის ეროვნული არმიის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ედუარდ ოჰლადჩუკს. მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. თავდაცვის უწყების ცნობით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და მასში მაღალი რანგის სამხედრო პირები, თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები და დიპლომატები მონაწილეობდნენ. „გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და დელეგაციის წევრებს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურთან, გენერალ-მაიორ ტომას კარდენთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მან ამერიკულ მხარეს მოწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა, საქართველოს ეროვნული გვარდიისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული პარტნიორობა ხაზგასმით აღნიშნა,“- წერია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეულ პროცესში აშშ-ის ჩართულობასა და მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა და ამერიკული მხარის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა. მხარეებმა საუბრისას ყურადღება ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო გლობალური და რეგიონული მასშტაბით უსაფრთხოების გამოწვევებს, შავი ზღვის რეგიონისა და ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს. აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ეროვნული გვარდიის გაერთიანებული ძალების შტაბსა და გაერთიანებული ოპერაციების ცენტრსაც მოინახულებს; დაგეგმილია ქართული დელეგაციის ვიზიტი რეგიონულ საწვრთნელ ინსტიტუტსა და გვარდიის ქვედანაყოფის ბაზაზე. ცნობისათვის, აშშ-ის დელეგაცია მათ შორის ტომ კარდენი, საქართველოში ვიზიტით მიმდინარე წლის ივნისში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორი ტომ კარდენი: ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის