თეგი: გიორგი ქოჩორაშვილი
გიორგი ქოჩორაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველმა გულშემატკივარმა იამაყოს, რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მეორე შეხვედრას გამართავს. ჩეხეთთან მატჩი 22 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. მანამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. „თურქეთთან განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა იყო და საინტერესო თამაში ვაჩვენეთ. გუნდმა ენერგია აღიდგინა, მხოლოდ კიტეიშვილი გვაკლია. ეს მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან ჩეხეთი სხვა სტილის მქონე, გამოცდილი გუნდია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მათთან თამაში იოლი არ იქნება. თურქეთთან ორიენტირებული საკუთარ თამაშზე ვიყავით და არა მეტოქეზე, ახლაც ასეა. მეტოქეებს ვაკვირდებით, ანალიზს ვაკეთებთ. ბევრი რამ ვიცით ჩეხეთზე, მათი პლუს-მინუსები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. საქართველოს ნაკრების პრობლემა არა მეტოქე, არამედ დისციპლინირებულად მოქმედებაა. თუ ამას ვაკეთებთ, მაშინ ყველაფერი კარგადაა. „შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ახალი ენერგია ხანდახან საჭიროა. ევროპის ჩემპიონატი განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ, რათა მომავალში უკეთესები გავხდეთ. ამიტომ 11 ფეხბურთელზე დაყრდნობა კარგი არაა. მხოლოდ შედეგზე არ ვართ ორიენტირებულნი. მნიშვნელოვანია, გააანალიზო შენი თამაში, ნახო, რა გამოგდის და რა – არა. ცხადია, გულდასაწყვეტი იყო, როდესაც თურქეთთან წავაგეთ, მაგრამ აქედანაც ვისწავლეთ, ნაბიჯი წინ გადავდგით. მამარდაშვილს ჰქონდა უფლება, მეტოქის საჯარიმოში ჩასულიყო, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ იყო, 1:2-ს წავაგებდით თუ 1:3-ს. რა თქმა უნდა, ეს იყო რისკი, მაგრამ შეიძლებოდა, გოლი გაგვეტანა. ფეხბურთში მთავარი ბალანსია, თუ კარგად შეტევა გინდა, თავიც უნდა დაიცვა,“ – განაცხადა სანიოლმა. ჩეხეთთან ევრო 2024-ის მეორე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმაც. „ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ყოფნა ნიშნავს, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ყველა გუნდი ჩვენ წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც შევეცდებით, როგორც ყოველთვის, თავი დავიცვათ და ვიბრძოლოთ. ფეხბურთი ომს აჩერებს, ჩვენ გვიყვარს ეს სპორტი და ასეთ დონეზე თამაშის შანსი გვაქვს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა. ვფიქრობ, ყველა ქართველი ბედნიერია და დროა, შეხვედრაზე ვიფიქროთ, იმაზე, რაც ხვალ გველოდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა იამაყოს. რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ. აქამდე შრომით, თავდაჯერებითა, ყოველდღიური ვარჯიშით მოვედით. მოედანზე ისე არ უნდა გავიდე, როგორც ბრძოლის ველზე, არამედ ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნო. როდესაც საქმიდან სიამოვნებას იღებ, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოგდის. ჩემი დანიშნულებაც ესაა, ვისიამოვნო და თანაგუნდელებს დავეხმარო. მწვრთნელს ვეთანხმები, მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ. მთავარია, მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ და ვნახოთ, რა შეგვიძლია. შორიდან დარტყმები ჩვენც გამოგვდის. მაგალითად, მე ყოველდღე ვმუშაობ, რომ ეს კომპონენტი დავხვეწო. თუ შორიდან დარტყმის შესაძლებლობა მომეცემა, ვეცდები, გოლი გავიტანო. დიდად არ მიყვარს ჩემი მეტოქის თამაშის ყურება, მაქსიმუმ, 5-10 წუთით დავაკვირდე და გავიგო, რას წარმოადგენს,“ – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.