თეგი: გიორგი შანიძე
პრეზიდენტმა ერთი მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელიც სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, თუმცა ვინ არის პირი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, გავრცელებულ ცნობაში მითითებული არ არის. განახლება: საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. „პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო, არ ველოდი. ამ მომენტში გათავისუფლებას არ ველოდი. დავისაჯე იმისთვის, რომ აქციებთან ვიყავი დაკავშირებული და პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. რომ არა ეს პოლიტიკური ფონი, სავარაუდოდ პირობითით ან ჯარიმით დამტოვებდნენ. იმის გამო, რომ პოლიტიკური ელფერი იყო და მე, როგორც ოპოზიციის მხარეს ვიჭერ, ამის გამო დავისაჯე და მომისაჯეს 4 წელი,“ - განაცხადა შანიძემ „ტვ პირველთან“, საპატიმროს დატოვების შემდეგ. პოლიციამ გიორგი შანიძე ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავა (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით), მოგვიანებით კი, მას ბრალი წაუყენეს კანაფის მოყვანისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით).