თეგი: გოგა რაზმაძე
საია: სასამართლომ შსს-ს გოგა რაზმაძის ნაცვლად სხვა თანამშრომლის დანიშვნა აუკრძალა
არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავის გადაწყვეტამდე აუკრძალა გათავისუფლებული თანამშრომლის, გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა ადამიანის დანიშვნა. „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა,“ - აცხადებს საია. გოგა რაზმაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია იცავს. „2023 წლის 12 ივლისს, გოგა რაზმაძემ, რომელიც იმ პერიოდისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო და იკავებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც იგი საუბრობდა მის მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტებზე,“ - წერს საია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, 10 ნოემბერს, შსს გენერალურმა ინსპექციამ მოამზადა დასკვნა გოგა რაზმაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, “მიუხედავად იმისა, რომ მათი მოკვლევის საგანი სწორედ გოგა რაზმაძის მიერ დეპარტამენტში არსებული შევიწროვების ფაქტები უნდა ყოფილიყო.“ „შესაბამისად, გოგა რაზმაძემ ამ საკითხზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელით იგი ითხოვს გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას,“ - წერს საია. გოგა რაზმაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 24 ნოემბერს მიმართა.