თეგი: გორი
გორის მერიის ორგანიზაციას, საიდანაც ფულს ტოტალიზატორებში რიცხავდნენ, მეხი დაეცა
გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შენობას, სადაც ბიტკოინების ქარხანა იყო მოწყობილი და ბიუჯეტის ფულს ტოტალიზატორებში რიცხავდნენ, მეხი დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, დაზიანდა ელექტრომოწყობილობები და WiFi-ის მიმღები აპარატურა. საბიუჯეტო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზარალი 100 ლარამდეა და კომპიუტერი, პრინტერი და სხვა მოწყობილობები უკვე შეაკეთეს. ცნობისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ შენობას მეხი უკვე მესამედ დაეცა, რასაც მეხამრიდის არარსებობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით მუშაობენ.
ომბუდსმენის აპარატი: გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას - მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი. „2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისები შეამოწმა და დაადგინა, რომ სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. ოზურგეთის და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა დამატებით, წერილობით მიმართა სამივე ადგილობრივ თვითმმართველობას და ბენეფიციართა ობიექტებიდან დაუყოვნებლივ განსახლება და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მოთხოვნა არცერთმა მუნიციპალიტეტმა არ გაიზიარა, რითაც კიდევ ერთხელ იქნა უგულებელყოფილი უსახლკაროთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე. ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა. შენობა, რომელშიც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელად დღემდე არ გარდაქმნილა, მოსახლეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს, კუსტარულად; შესაბამისად, მუდმივ საცხოვრებელად უვარგისია. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე. ამ პირობებში წარმოუდგენელია ჰიგიენის დაცვა და კვების პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვა. ობიექტში არსებული უკიდურესად მწვავე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შენობის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გორის სოციალურ საცხოვრისში სრულად უგულებელყოფილია საცხოვრებლის სათანადოობის სტანდარტები. შედეგად, მობინადრეებს შემაშფოთებლად მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება. აქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო სრულიად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის. მობილობის შეზღუდვის მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები, ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობის გამო, თვეების მანძილზე მაღალ სართულზე არიან გამოკეტილი და ეზღუდებათ გადაადგილების უფლება. მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები განსაკუთრებულად ღირსების შემლახავია შშმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითმოვლას და ვერც შესაბამისი ასისტენტისა და მომვლელის სერვისით სარგებლობენ. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს ყოფილი სამშობიაროს შენობაში განთავსებული ოზურგეთის სოციალური საცხოვრისი. მიუხედავად ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა, 50-მდე ოჯახი მაინც უკიდურესად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. შენობაში გაუმართავია სადრენაჟო სისტემა და ძლიერი ნესტის შედეგად დაბინძურებულია ჰაერი. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა შენობის პირველ სართულზე, სადაც აყრილია იატაკი, დაობებულია კედლები და ჭერი, წვიმის დროს გუბდება წყალი და ჰაერი ისე მძიმდება, რომ პერიოდულად სუნთქვა შეუძლებელი ხდება. შექმნილ მდგომარეობაში მობინადრეები ხშირად ავადდებიან, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები. შენობას არ აქვს მისასვლელი გზა, გარე პერიმეტრი არ არის კეთილმოწყობილი და არც გასართობი სივრცეებია ბავშვებისთვის. ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაშია განთავსებული. 90 ოჯახი პრივატული გარემოს გარეშე, გამუდმებული საყოფაცხოვრებო ხმაურის პირობებში ცხოვრობს. მცირე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები არასაკმარისია და შენობა გადატვირთულია; სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჰაერი მუდმივად ნესტიანი და დაბინძურებულია. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მაცხოვრებლებისთვის არ არის შექმნილი ღირსეული პირობები. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, აღნიშნული უფლება მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრისით, არამედ სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილების ვალდებულებას, რაზეც ზემოხსენებული დაწესებულების მობინადრეებს ხელი არ მიუწვდებათ. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას - მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს ობიექტიდან მათ განსახლებას და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორის ქუჩებიდან გარევაჭრობის დახლები აიღეს
გორში, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩებიდან, მერიის თანამშრომლებმა გარევაჭრობის დახლები აიღეს. ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს. „მსუბუქი კონსტრუქციებისა და დახლების გამოყენებით, ამ ქუჩებზე გარევაჭრობა ხორციელდებოდა, რის გამოც, ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასევე საფრთხე ექმნებოდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილების მსურველებს. პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვეოდა კანონი, მახინჯდებოდა ქალაქის იერსახე და ქუჩები ნაგვიანდებოდა. გორის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება რამდენჯერმე შესთავაზა. წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში, მერიისა და კერძო მესაკუთრის შეთანხმების შედეგად, ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „კონსტრუქციებისგან ამ ქუჩების გასუფთავების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთი კვირის ვადა მისცეს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
გორში გარემოვაჭრეები დახლების აღებას აპროტესტებენ
გორში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დახლების აღებას აპროტესტებენ. მოვაჭრეების ნაწილი გორის მერიასთანაა შეკრებილი და მერთან შეხვედრას ითხოვს. ადგილზე იმყოფებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში შესთავაზა, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. მერიის შეთავაზებას გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან. ასევე წაიკითხეთ: გორის ქუჩებიდან გარევაჭრობის დახლები აიღეს
გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გორში გარემოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს
გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს. გორში გარემოვაჭრეები დახლების აღებას აპროტესტებენ „ჩვენ ყველა გზებით შევეცდებით მაგათ დაცვას, მათ შორის სამართლებრივი გზებით, იქნება ეს სასამართლოს გზა; თუ იქნება საჭიროება, საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და იქ დავადგენთ, ეს ნორმა რამდენად არის კონსტიტუციური, რადგან გვგონია რომ ეს ხალხი არის ბოლომდე მართალი“, – აცხადებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი ბადრი გრიგალაშვილი. შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში შესთავაზა, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. მერიის შეთავაზებას გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან. ასევე წაიკითხეთ: გორის ქუჩებიდან გარევაჭრობის დახლები აიღეს
გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო. მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. „2008 წლის აგვისტოში საქართველომ უმძიმესი დღეები გამოიარა. დღეს, პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და მომავალს სიცოცხლე შესწირეს. ისინი საქართველოს ყოველთვის ემახსოვრება. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკარგულ ტერიტორიებს მალე დაიბრუნებს,“ - აცხადებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
გორში, დევნილთა დასახლებაში ხანძარის შედგად 80 წლამდე კაცი დაიღუპა
გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილი ხანძარის შედგად 80 წლამდე კაცი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფატზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ქალაქ გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება. სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.
გორში, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გორში, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. კომბინატის დასახლებაში დაკავებულია შუახნის კაცი, ის ბრალს არ აღიარებს. გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს "სპეცოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელსაც შსს მოგვიანებით გაასაჯაროებს", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ორთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 108-ე შეხვედრა იმართება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ხუთი მოქალაქე. "შეხვედრაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ამასთან, საუბარი იქნება საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც მისივე თქმით, განსაკუთრებით გააქტიურებულია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ხუთი მოქალაქე. მამუკა ჩხიკვაძეს სამი წელი და რვა თვე, ლაშა ხეთერელს ერთი წელი და ოთხი თვე, კახაბერ ნათაძეს კი სამი წელი და ერთი თვე აქვთ შეფარდებული. ნუკრი კალაშნიკოვი და გელა იობაშვილი კი, სექტემბერში დააკავეს და მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მისივე თქმით, გელა იობაშვილის დაკავება მოხდა 14 სექტემბერს, მაგრამ ინფორმაცია გაზიარებული იყო დაგვიანებით. „გუშინ ცხელი გაზით გაზიარდა ინფორმაცია, რომ შედგა ე.წ. სასამართლო და მას მიესაჯა უკანონო ორთვიანი პატიმრობა. სხვა დამატებითი დეტალის გარკვევას შევეცდებით შეხვედრაზე“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
გორის ჰოსპიტალის, სამედიცინო დაწესებულების, დასუფთავების თანამშრომლებმა აქცია გამართეს
გორის ჰოსპიტალის, სამედიცინო დაწესებულების დასუფთავების თანამშრომლები მათი 280 ლარიანი ხელფასის 500 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, თუ დღესვე არ იქნება მათთვის მისაღები პასუხი, სამსახურს დატოვებენ. "თუ დღესვე არ იქნება მათთვის მისაღები პასუხი, სამსახურს დავტოვებთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეები, ხელფასების მატებასთან ერთად, ისინი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადასვლასაც ითხოვენ.
გორში, დაწყებითი კლასის მოსწავლე, შიმშილის გამო ცუდად გახდა
გორის მე-7 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლე ცუდად გახდა - ინფორმაციას გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს. მათი ცნობით, ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორმაც დაუადასტურა. მისი განმარტებით, მოსწავლე სკოლაში საუზმის გარეშე მივიდა. “გვყავდა გამოძახებული სასწრაფო, მე-4 კლასელმა ბავშვმა გონება დაკარგა. მასწავლებელს გაუხდა ცუდად ხელებში. მოვიყვანეთ მშობელი და გვითხრა, რომ ბავშვი დილით არ საუზმობს. ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა ბავშვი გონებაზე, რომ მოვიდა ღვეზელი ვაჭამეთ და მაშინვე გამოკეთდა. არ ვიცი, რა ვთქვა, მშობელს ვუთხარით, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს, ასეთი პატარა ჩაის და თუნდაც ერთი ნაჭერი პურის გარეშე, როგორ უნდა გამოუშვან?! თუ სახლში არ ჭამენ, ყველი და პური სკოლაში მაინც გამოატანონ, ასე რომ აღარ ვინერვიულოთ სკოლამ და მასწავლებელმა”, – ამბობს ნოდარ იარღანაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, მხირე ხმაურის ფონზე, 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. "ახალი ბიუჯეტი არ არის გორის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს", - განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლებმა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მომდევნო წლის ბიუჯეტი 69 მლნ ლარით განისაზღვრა. წინა წლის ბიუჯეტს 13 500 მილიონით აღემატება.
გორის საკრებულოს დეპუტატი: „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს თავს დაესხნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გორის საკრებულოს დეპუტატის, კახა ლობჟანიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს თავს დაესხნენ. როგორც ლობჟანიძე აცხადებს, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ მართული. "ადგილზე გამოძახებულია პოლიცია. მსგავსი შემთხვევა პირველად არ მომხდარა. დილით მოსულებს ჩამტვრეული დაგვხვდა მინა. ხედავთ, რამხელა ზომის ქვა აქვს ნასროლი. გამოვიძახეთ პოლიცია და მათი თანდასწრებით გავხსნით კარს. წინა შემთხვევაში კამერის ჩანაწერებიც მივაწოდეთ, მაგრამ პასუხი არავინ გაგვცა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ მართული და ხელისუფლების დაკვეთით გაკეთებული, აქ ყველა სტრუქტურაა ჩართული, მათ შორის ძალოვნებიც, რადგან არ იძიებენ ამ საქმეებს“, – განაცხადა ლობჟანიძემ. ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.
გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, ერთი პირი დაიღუპა
გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ორ ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. როგორც ცნობილია, მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი ადამიანი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
როგორია გორში მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი კაცის მდგომარეობა
გორში, სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი 27 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. „პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანიდან ამ დრომდე კრიტიკულია. შემოვიდა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით გულმკერდისა და მუცლის არეში, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ურთულესი ქირურგიული ოპერაციები. პოსტოპერაციულად მძიმე მდგომარეობით მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა რჩება მძიმე, პაციენტს უტარდება ინტენსიური თერაპია“, - განაცხადა სამხედრო ჰოსპიტლის ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ზურაბ ნადირაშვილმა. შეგახსენებთ, გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ახალგაზრდა კაცი კლინიკაში მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით შეიყვანეს, მასთან ერთად დაშავებული მეორე პირი კი - 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება თავის არეში აღენიშნებოდა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით მიმდინარეობს.
სასამართლომ საგუშაგოზე მყოფ სამართალდამცავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, შსს-ს თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთაგან ორ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. ცნობისთვის, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში არსებულ საგუშაგოზე დისლოცირებულმა სამართალდამცავებმა, ავტომობილით მოძრავ მოქალაქეს ანიშნეს, რომ სატრანსპორტო საშუალება გაეჩერებინა. პირის მხრიდან დაუმორჩილებლობას უთანხმოება მოჰყვა. დაპირისპირებაში თანასოფლელებიც ჩაერთნენ, რაც საბოლოო ჯამში, შსს-ს თანამშრომლებსა და სოფლის მცხოვრებთა ერთ ნაწილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გორში 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებით გარდაიცვალა
17 მაისს, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. რაც შეეხება კლინიკას, „გორმედის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან. „თბილისში უნდა წაგვეყვანა, ძალიან ცუდად რომ იყო. ექიმი გამოვიდა, „უიმე ჩუტყვავილა აქვსო, აქ როგორ უნდა მივიღოო“. ვეუბნები, ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, გადასხმა გაუკეთეთ, ან სხვა რამე-თქო, მაგრამ მოიცადე ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. ბავშვს მოვკიდეთ ხელი, მაგრამ ერთი არ უთქვამს მოიცადე და აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო-არა! პირდაპირ გამოვიტაცეთ ბავშვი და წამოვედით. საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ბავშვმა გონება დაკარგა, გული ჰქონდა გაჩერებული“, - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ ჟურნალისტებთან საუბარში. ბავშვის მკურნალი ექიმი კომენტარს არ აკეთებს
სალომე ზურაბიშვილი გორში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორს ევროპული კამპანიის ფარგლებში ეწვია და ხელოვნების სახლში ახალგაზრდებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე სასაუბროდ შეხვდა. მისი თქმით, „გორში ადამიანი მხოლოდ სტალინის მუზეუმის სანახავად არ უნდა ჩამოდიოდეს, სხვა მრავალი კულტურული კერა უნდა შეიქმნას." გორის ხელოვნების სახლსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხელმოწერები გროვდება - "ჩვენი ხმა ევროპას". ხელმომწერები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილს აფიქსირებენ. „ჩვენი ადგილი ევროპაშია და ძალიან ბედნიერი ვარ , რომ ახალგაზრდები ორი დროშით დამხვდნენ. ყველა ქალაქში ევროპული კულტურა უნდა იყოს ცოცხალი და ხელმისაწვდომი. ევროპა არის ცოცხალი რეგიონები, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია. მეტი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ რეგიონებში და ამით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ახალგაზრდებს, რომ ევროპიდან დაბრუნდნენ და თავიანთ ქალაქს და რეგიონს მოახმარონ ცოდნა და კულტურა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლების ცნობით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს, 25 ნოემბერს, დაიწყო ორკვირიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ევროპული სტანდარტები იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში - ქალები," - განაცხადა ზურაბიშვილმა. ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გორში ამ თემებზე სასაუბროდ არ ჩამოსულა. მას ასევე ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, 2007 წლის აქციები, რუსეთის მიერ იყო მართული. „მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა არაფერი სათქმელი არ მაქვს. მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი გორის საზოგადოების წარმომადგენლებს გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში შეხვდა. შსს: 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს
სამხედრო მოსამსახურე გორში გარდაცვლილი იპოვეს - თავდაცვის სამინისტროს განცხადება
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. უწყების განცხადებით, „აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.“ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გორში, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გორში მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ადგილობრივ ვეტერინარიულ კლინიკაში ამბობენ, რომ ძაღლის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. განახლება: კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი სავარაუდოდ, იარაღით დაჭრა, სამართალდამცველებმა დააკავეს. ეს ბოლო კვირის განმავლობაში გახმაურებული მეორე მსგავსი შემთხვევაა. გამოძიების ცნობით, 6 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში კაცმა ძაღლს ჯოხით სასტიკად სცემა. ცხოველი მიყენებული დაზიანებებით მოკვდა. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა