თეგი: გრანტ შეპსი

დიდ ბრიტანეთს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალ მინისტრად ენერგეტიკის მინისტრი, გრანტ შეპსი დაასახელა. „ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მსურს, პატივი მივაგო იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც ბენ უოლასმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანა,“ - წერს შეპსი სოციალურ ქსელში. დღეს, 31 აგვისტოს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ბენ უოლესმა თანამდებობა დატოვა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ბენ უოლესმა 16 ივლისს დაადასტურა, რომ მინისტრის პოსტის დატოვებას აპირებდა.  

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შეპსი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. გრანტ შეპსი უკრაინას ენერგეტიკის მინისტრის რანგში გასულ კვირას სტუმრობდა. ვიზიტისას მან რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული ელექტროსადგური მოინახულა და დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს ხსოვნის კედელთან პატივი მიაგო. მისი ვიზიტის დროს გახდა ცნობილი, რომ უკრაინისთვის ბირთვული საწვავის შესაძენად, დიდი ბრიტანეთი 245 მილიონ დოლარს გამოყოფს.  „მოუთმენლად ველი ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც კაცებთან და ქალებთან მუშაობას და პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის გაგრძელებას," - აცხადებს გრანტ შეპსი.  

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ისრაელს ეწვევა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, გრანტ შეპსი მიმდინარე კვირაში ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს ეწვევა. ის ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს. მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო მუშაობს იმისთვის, რომ გამოინახოს საუკეთესო გზა დახმარების სწრაფად მიწოდებისთვის. ეს მოიცავს ვარიანტებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. გრანტ შეპსი, ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და ისრაელის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. ის ასევე შეხვდება პალესტინის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ ზიად ჰაბ ალ-რეჰს, რათა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების შესახებ ესაუბროს. „მიმდინარე კვირაში ჩემი ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა განვიხილო მცდელობები, რათა დაჩქარდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის და ყველა დარჩენილი მძევლების გათავისუფლება,“ - აცხადებს გრანტ შეპსი.