თეგი: გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზა
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის ახალი 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, შარშან გახსნილ 5 კმ-იან მონაკვეთს ახალი 6 კმ-იანი მაგისტრალური გზა დაემატა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. მათივე ცნობით, გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი 14 კმ-იანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას მოიცავს. „საბოლოოდ, ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის 11 კმ-იან, 4 ზოლიან მონაკვეთზე უკვე გახსნილია. სამუშაოები აქტიურად გრძელდება და დარჩენილ 3 კმ მაგისტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2024 წელს გაიხსნება. გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს. გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.