თეგი: გრიგოლ გიორგაძე
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო აქტიურად ყიდულობს თანამედროვე შეიარაღებას
პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის" პროექტის მეორე მოსმენით განხილვაზე, მომხსენებელმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ საქართველო პარტნიორების დახმარებით აქტიურად ყიდულობს თანამედროვე შეიარაღებას. „არ ვიცი, ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ იარაღს არ ვყიდულობთ - ვეჭვობ არც დაინტერესდით. გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ხდება თანამედროვე შეიარაღების შეძენა - იქნება ეს საჰაერო თუ სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია თავდაცვისთვის. აგრეთვე პოლონელებთან ერთად ერთობლივი საწარმო „დელტა-ვებე" დაფუძნდა. მიმდინარე წელს გვექნება უპილოტო საფრენი აპარატები - როგორც მზვერავი საშუალებები, ასევე გამანადგურებლები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ძველი საბჭოური იარაღის ჩანაცვლება, რაც ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროცესია, რასაც ვახორციელებთ“, - მიმართა გიორგაძემ ოპოზიციას რადიო თავისუფლების ცნობით. პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის" პროექტს განიხილავენ. ინიციირებული ვარიანტის მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები: სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის იქნება 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. სამხედრო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით“. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე. 2024 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქციები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის 78-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას „შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე" დაექვემდებარება, „საკუთარი სურვილით“ შეუძლია გაიაროს ან 6, 8 ან 11-თვიანი სამხედრო სამსახური, ან სამხედრო მომზადების პროგრამა, რომელიც, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, „სწავლასთან თავსებადია“.
გრიგოლ გიორგაძე: „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება
„თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ განხილვამდე ჟურნალისტებთან განმარტა. „დღეს მოქმედი კანონმდებლობით გვაქვს მოცემულობა, რომ ყველა კონფესიის წარმომადგენელი მღვდელმსახური ექვემდებარება გადავადებას, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური. ასევე, შემოთავაზებული ცვლილებით, ყველა მღვდელმსახური, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური დაექვემდებარება ალტერნატიულ შრომით სამსახურს“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, თავდაცვის უწყებას კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები ჰქონდა რელიგიურ კონფესიებთან, საკითხები მათთან შეჯერებულია. „შესაბამისად, პროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება“, - ამბობს გიორგაძე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონკორდატს აღიარებს და, „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, მართლმადიდებელი მღვდელმსახური, სხვა კონფესიების მსგავსად, ალტერნატიულ შრომით სამსამსახურს დაექვემდებარება. „საქართველოს კონსტიტუციით არის მოცემული, კონკორდატის არსებობას არავინ უარყოფს, აქ საუბარია ალტერნატიულ შრომით სამსახურში, სხვა კონფესიების მსგავსად, მართლმადიდებელი მღვდელმსახური გაივლის თუ არა ალტერნატიულ შრომით სამსახურს. ჩვენი პასუხი არის, „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, სწორედ, ასე მოხდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თავდაცვის უწყების ცნობით. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე: გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული
„2025 წლიდან სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს, შეუძლია, აირჩიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის სხვადასხვა ვარიაცია - 6-8-11-თვიანი, ან მათთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამა - 4 წლის განმავლობაში ზაფხულობით 1 თვე სამხედრო სამსახურის გავლა,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტში, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ მესამე მოსმენისას გამოკვეთილი ინიციატივები განიხილება. დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტებისათვის სამხედრო სამსახურის გავლის პირობების გარდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გასაწვევ პირთა უფლებების დაცვის შესახებაც ისაუბრა. „ჩვენ შემოგვაქვს ინიციატივა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს სასამართლო. ეს არის ახალგაზრდისთვის კარგი, რომ მან იცოდეს, ეკუთვნის თუ არა ჯარში წასვლა. დაახლოებით 2-3 თვეში დასრულდება ეს პროცედურები. სასამართლოს ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლით აქვს შესაძლებლობა, თუ ის დაინახავს, რომ აშკარად უკანონო გადაწყვეტილება არის გაწვევასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ეს გადაწყვეტილება, ვიდრე არ დამთავრდება სასამართლო წარმოება. ამიტომ, ყველა მხრივ ადამიანის უფლებები იქნება დაცული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, უწყება საკანონმდებლო ხარვეზებს გააკონტროლებს, რათა არ დაუშვას ზოგიერთი ადამიანის მხრიდან ჯარისგან თავის არიდება. გრიგოლ გიორგაძემ ასევე განაცხადა, რომ „თავდაცვის კოდექსში“ რელიგიასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ შემოდის: „როგორც აქამდე იყო, თუ ადამიანი რწმენის ან სინდისის გამო იარაღის აღებაზე უარს ამბობდა, მას შეუძლია ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიაროს.“ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უწყება მიმართულია სამხედრო სამსახურის საკანონმდებლო საფუძველის მაქსიმალურად დახვეწისა და გასაწვევი ადამიანების უფლებების დაცვისკენ. „გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული,“ - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.