თეგი: დაავადება

ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს

"დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ყირიმ-კონგოს ე.წ. ენდემური კერები გვაქვს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხაშურში და კიდევ რამდენიმე რეგიონში. აქტიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რადგან პარალელურად ხდება შინაური ცხოველების დამუშავება. ახლა ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს სახელწოდებით ცნობილი დაავადება ერთ-ერთი მძიმე დაავადება, რომელიც ადამიანზე ცხოველიდან გადადის.  

დაავადებული ცხენის ხორცით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში სამი პირი მისცა

საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე პასუხისგებაში სამი პირი მისცა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე. შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.