თეგი: დავით თევზაძე
სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი დავით თევზაძე გახდა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე გახდა. ამის შესახებ მედიისთვის ცნობილი დღეს, 23 თებერვალს პრეზიდენტის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გახდა. "პრეზიდენტმა და მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს", - ეწერა პოსტში. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, დავით თევზაძე მრჩევლის თანამდებობაზე 2022 წლის 21 თებერვლიდან მუშაობს. 1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს ელჩად NATO-ში, 2004-2005 წლებში კი ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს.
პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა
სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარი მრჩეველის, დავით თევზაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან „ხარვეზების მიუხედავად, ის აწესრიგებს ერთ-ერთ საზოგადოებისთვის ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას: ამიერიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს.“ „ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა. ამავე ტექსტში, გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა, სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით, საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირე რიცხობრივი კონტინგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ასევე დამაფიქრებელია, მით უმეტეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემის გააზრებისას, თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისთვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი. და ბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას," - განაცხადა თევზაძემ.