თეგი: დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი: საჭიროა არა ხმალაობა, არამედ უკრაინასთან თანამშრომლობა
რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით სანქციების თავის არიდებას შეეცდება და მნიშვნელოვანია უკრაინის და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა, რათა ეს საკითხები გაირკვეს. ამის შესახებ „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხებს სჭირდება არა პოლიტიკური სკანდალები და პოლიტიკური ხმალაობა, არამედ შესაბამისი უწყებებს შორის თანამშრომლობა, თანამშრომლობას სჭირდება შესაბამისი ატმოსფერო, არსებობს ტელეფონი, მეილი, თვითმფრინავი, რომლითაც უწყებების წარმომადგენლები ჩადიან იქით და აქეთ და ასეთ საკითხებს აგვარებენ. „ეს არ არის ჩვეულებრივი კამათი, ომში მყოფი ქვეყანაა, რომელსაც ყველა მხრიდან უტევს რუსეთი, ყველა მხრიდან ცდილობს, გააძლიეროს დაწოლა უკრაინაზე და მთელი მსოფლიო ცდილობს, ყველა მხრიდან ჩაუკეტოს რუსეთს წვდომა გარკვეულ პროდუქციაზე. ასეთ დროს, რუსეთი ბუნებრივია, ცდილობს, იპოვოს ალტერნატიული გზები, საიდან? ავსტრალიის გავლით? - არა, მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით. რუსეთი შეეცდება, დაარღვიოს საერთაშორისო სანქციები და ამას შეეცდება ყველგან, სადაც გაუვა, ზოგან ხელისუფლების მხარდაჭერით, ზოგან კრიმინალების მხარდაჭერით, ჩვენ ამას ნორმალურად უნდა შევხედოთ და გამოვარკვიოთ სიმართლე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს. პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.
დავით უსუფაშვილი: მივმართავთ ევროპასაც და ყველა ქვეყანას, რომ დაუჯერონ იმ ხალხს ვინც 20 ივნისს გარეთ იდგა
„ჩვენ აქ ვხედავთ არა ევროპისკენ მიმავალ მთავრობას, არამედ ევროპით შეშინებულ მთავრობას. ევროკავშირში 27 სკამი დგას. 27 ქვეყნის პრემიერი ზის იქ და წყვეტს ასობით მილიონი ევროპელი მოქალაქის ბედს. საქართველოს იქ შესვლის შემდეგ, პრემიერი ღარიბაშვილი უნდა დაჯდეს ოცდამერვედ და მან უნდა გადაწყვიტოს მთელი ევროპის ბედი“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ახლა აქვს ისტორიული შანსი და მთავრობამ ეს შანსი გონივრულად უნდა გამოიყენოს. „თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მივმართავთ ევროპასაც და ყველა ქვეყანას, რომ დაუჯეროს იმ ხალხს ვინც 20 ივნისს გარეთ იდგა. დაუჯეროს თქვენი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც ევროპა უნდა. დაუჯეროს მათ და მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ჩემს ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ და ნაციონალების ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ. საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი წესდების გამო გააკეთეთ. ეს ზღაპრები, რომ საქართველო გეოგრაფიის გამო დაისაჯა, არის ტყუილი. ეს ჩვეულებრივი ტყუილი არ არის, ეს არის სტრატეგიული ტყუილი. გეოპოლიტიკა თქვა ერთხელ მაკრონმა და აქ ეს ათასჯერ გაიმეორეთ. შეთანხმების შესრულებაზე ვილაპარაკოთ. ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.