თეგი: დაზვერვის სამსახური

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინი დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყებაში გამოიძახე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას. „უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური შინაარსის წინა ბრალდებაზე (2022 წ. 5 აპრილს). აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების ირგვლივ და აღნიშნა, რომ შესაბამის შეტყობინებას დედაქალაქს გადასცემდა. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ანდრიი კასიანოვმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებებისათვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.  

დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ გაიზრდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. კერძოდ, საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მიეცემათ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. კანონპროექტით, სამსახურის უფროსი ვალდებული იქნება, დაზვერვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, სამსახურში მიღებული პირები დაინიშნებიან გამოსაცდელი ვადით და დაექვემდებარებიან სპეციალური მომზადების კურსების გავლას. გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის წარმომადგენლების მივლენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების შემთხვევაში. „კანონპროექტი მიზნდა ისახავს სადაზვერვო სისტემის დახვეწას და მის შემდგომ განვითარებას, ასევე დაზვერვის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას“, - აღნიშნა დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ. კანონპროექტის ავტორია საქართველოს დაზვერვის სამსახური, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.