თეგი: დაკავშირებადობა

მარტა კოსი: დაკავშირებადობის ნაწილში გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, თუმცა აქაც არსებობს პირობები

„ჩვენ კვლავ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა რა თქმა უნდა, მთავრობამ სწორი მიმართულებით უნდა იმოძრაოს. ეს ნათელია და გაფართოების ანგარიშშიც ვთქვით, რას ველით მთავრობისგან,“ - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროპელი დიპლომატის განმარტებით, სფერო, სადაც საქართველოსთან ურთიერთობები შესაძლებელია, დაკავშირებადობაა. მომავალი წლის გაზაფხულზე ბულგარეთში გაიმართება დაკავშირებადობის სამიტი, კოსი იმედოვნებს, რომ „ყველა ლიდერი ჩავა.“ „როგორც იცით, დაკავშირებადობის დღის წესრიგი ევროკომისიისთვის ამჟამად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ანუ, როგორ შეიძლება ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება. რა თქმა უნდა, საქართველოც ამ პროცესის ნაწილია, თუმცა ამ მიმართულებითაც არსებობს გარკვეული პირობები. როგორც იცით, პრეზიდენტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე, ბულგარეთში, გაიმართება სამიტი დაკავშირებადობის საკითხებზე. იმედი მაქვს, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ ლიდერები და ერთად განიხილავენ ამ თემას. არ გვსურს, საქართველო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული მიმართულებებით ჩვენი საქმიანობის მიღმა დარჩეს. გასულ კვირას კიშინიოვში დავესწარი კონფერენციას ციფრული დაკავშირებადობის შესახებ; იქ საქართველოს წარმომადგენლებიც მოვიწვიეთ, თუმცა მათ არ ისურვეს დასწრება. ამიტომ, ჩვენ კვლავ და კვლავ მოვიწვევთ მათ. მიმაჩნია, რომ ჩართულობა აუცილებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, მათაც უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები,” - აღნიშნა კოსმა. ცნობისთვის, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია, ბლოკი ღიაა, საქართველოს ჩართულობისთვის, „თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც.“ „ძირითადად გაფართოების პროცესზე ვსაუბრობდი, მაგრამ ჩემი სამუშაოს მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დაკავშირებადობის დღის წესრიგია, ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირება, იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც თქვენ ახსენეთ. ბოლო სტრუქტურირებული დიალოგის შემდეგ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში არაერთხელ ვყოფილვარ, საქართველოში – არა, იმ მიზეზების გამო, რომლებიც თქვენ ახსენეთ. თქვენ მართალი ხართ: ირანში მიმდინარე ომის გამო სამხრეთისა და ჩრდილოეთის სავაჭრო მარშრუტებიც აღარ არსებობს. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი შუა დერეფანია, მშვიდობის დერეფანი. ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში. დიახ, ტრამპიც ჩართულია, არსებობს 42-კილომეტრიანი დერეფნის პროექტი. ჩვენ კი ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ახლა ვახორციელებთ ნახჩევანის სარკინიგზო ხაზის მიზანშეწონილობის კვლევას. ასევე, ვსაუბრობთ თურქეთთან კავშირის გაუმჯობესებაზე. დაკავშირებადობის დღის წესრიგი მხოლოდ სატრანსპორტო კავშირებით არ შემოიფარგლება, მოიცავს ენერგეტიკასა და ციფრულ სფეროსაც. ენერგეტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ საფრთხეში ვართ. დავაფინანსეთ სომხეთსა და საქართველოს შორის ელექტრომომარაგების სისტემის ქსელი. ეს შედიოდა იმ პროექტში, რომელიც სომხეთს საშუალებას მისცემს, საკმარისი ელექტროენერგია საქართველოდანაც მიიღოს. დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია. ამიტომ როდესაც სომხეთთან ვმუშაობთ, საქართველოსაც ყოველთვის მხედველობაში ვიღებთ. ჩვენ ღია ვიქნებით საქართველოს ჩასართავად, მაგრამ ამის საშუალება მხოლოდ მაშინ გვექნება, თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც,“ – აღნიშნა მარტა კოსმა უფრო ადრე ევროპარლამენტარების შეკითხვის საპასუხოდ. მან ასევე ისაუბრა საქართველოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღმიშნა, რომ ეს ცვლილებები შეშფოთებას იწვევს. „საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პოლიტიკურ გამოხატვაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს სულ უფრო აშორებს ევროპული მომავალისგან, რომელიც მოსახლეობის უმეტესობას სურს. ჩვენი მიზანია, საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ და ევროკავშირის ინტერესების დაცვის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ,“ – აღნიშნა მარტა კოსმა საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე. 16 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ. ამასთან დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. რა წერია საქართველოზე ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში რატომ არ მონაწილეობს საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალში