თეგი: დალია გრიბაუსკაიტე
უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში დალია გრიბაუსკაიტე და ბორის ჯონსონიც შევლენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა უკრაინის უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის დამფუძნებელი შეხვედრა; მასში შედიოდა ათზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი და ექსპერტი, მათ შორის, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკეშია ნათქვამი. ჯგუფის ოფიციალური სახელწოდებაა უკრაინის უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, მას ერთობლივად უხელმძღვანელებენ ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. ჯგუფის მთავარი მიზანია უკრაინის ევროატლანტიკურ უსაფრთხოების სივრცეში შემდგომი ინტეგრაციის სისტემატური ხედვის შემუშავება, როგორც რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ერმაკისა და რასმუსენის გარდა, ჯგუფში შედიან: ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე; პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი; ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი; ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სანნა მარინი; აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი; პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარეკ ბელკა; სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკულას ძურინდა; შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი; დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უილიამ ჰეიგი; საფრანგეთის საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ყოფილი ხელმძღვანელი მიშელ ალიო-მარი; გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თანათავმჯდომარე ომიდ ნურიპური; აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი და სხვა. „ამ ახალი ჯგუფის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, NATO-ს წევრ ქვეყნებთან, საექსპერტო გარემოსთან, პოლიტიკურ გარემოსთან მუშაობა, რათა შეიქმნას ატმოსფერო, რომელიც დაგვეხმარება ამ გზაზე წინსვლაში. უკრაინას ამბიციური მოლოდინები აქვს. მიმდინარე წლის NATO-ს ვაშინგტონის სამიტიდან და იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიგვიყვანს სრულ წევრობამდე,“ - განაცხადა ანდრი ერმაკმა. ჯგუფის პირველი შეხვედრა ონლაინ შედგა. ანდერს ფოგ რასმუსენი პირადად ჩავიდა კიევში.