თეგი: დამკვირვებლები
ილია დარჩიაშვილი: თებერვალში გავაგზავნით წერილს და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს
„თებერვალში გავაგზავნით წერილს ODIHR-ში და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს,“ – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას. „მოგიწოდებთ, გაეცნოთ ხოლმე დოკუმენტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტთან ერთად ამუშავებს. სამოქმედო გეგმაში, რომელიც ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეიქმნა და გადავეცით ევროკავშირს, ცალსახად წერია, რომ თებერვალში გავაგზავნით მოწვევას ოდირში. ეს პირობა ძალაშია. თებერვალში, თებერვლის ბოლომდე გაიგზავნება წერილი საქართველოდან და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ოდირის დამკვირვებლებს. ასე რომ, ჯერ დრო გვაქვს და ამას აუცილებლად შევასრულებთ,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას შეკითხვის საპასუხოდ. ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, მოქალაქეების რეგისტრაციასა და უბნებთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, არსებული პროცედურის შესაბამისად. „ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად დაეხმარება ცესკო-ს, როგორც მანამდე, არჩევნების ადმინისტრირებისა და წარმატებით ჩატარებაში. გვაქვს მჭიდრო კონსულტაციები მათთან. სულ ახლახან ჩავატარეთ კონსულების კონფერენცია თბილისში და საუბარი იყო ცესკო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, არჩევნები, რომელიც უნდა გაიმართოს წელს, ოქტომბერში, იქნება ძალიან გამორჩეული, მათ შორის ადმინისტრირების თვალსაზრისითაც. გამოვხატავთ სრულ მზაობას, რომ ამ პროცესში შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი. ბევრჯერ დაისვა კითხვა მოქალაქეების რეგისტრაციასა და უბნებთან დაკავშირებით. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, იმ პროცედურის შესაბამისად, როგორც მანამდე ხდებოდა. შესაბამისად, მგონია, რომ აქ პოლიტიკური სპეკულაციების სივრცე არ არის. უბნები გაიხსნება კოორდინირებულად, ცესკო-სთან ერთად, კანონით დადგენილი ვადით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მისცენ ხმა, არსებობს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი პროცედურა. ჩვენ, თითოეული დიპლომატი მაქსიმალურად და ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი აქვთ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, დადგნენ აღრიცხვაზე და გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია ეს პოლიტიკური სპეკულაციები. ვერანაირ პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანს ოპონენტებს,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ დისტანციურად ხმის მიცემა რისკებთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც საქართველოში და ამ მიმართულებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებში ლოგიკა არ არის. „დისტანციური არჩევნები, ხმის მიცემა საქართველოში არის რისკებთან დაკავშირებული. ასევე, მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ საქართველოში თუ არის დისტანციურად ხმის მიცემა რისკებთან დაკავშირებული, მით უმეტეს, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული საზღვარგარეთ. შესაბამისად, არც აქ არანაირი ლოგიკა არ არის, ვისაუბროთ საზღვარგარეთ დისტანციურად ხმის მიცემის მნიშვნელობაზე და უფრო სწორად გადაწყვეტაზე,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება