თეგი: დაცული ტერიტორიები

შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, დაცული ტერიტორია შეიქმნა

საქართველოს პარლამენტმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი დაამტკიცა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორ კატეგორიას მოიცავს: ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი 10 986 ჰექტარით განისაზღვრა. ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება, მათ შორისაა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები. ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს უნიკალური ეკოსისტემების დაცვას, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობას, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება დაცული ტერიტორიების, მათ შორის, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას. კანონპროექტი 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.  

2023 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი 17,2%-ით იზრდება

2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი 17,2%-ით იზრდება და განვლილი წლების მსგავსად, მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვა/აღდგენისკენ.  „დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვისა და აღდგენის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. 2023 წელს, მინიმუმ 8 დაცულ ტერიტორიაზე დაგეგმილია ტყეების სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები, აგრეთვე, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილია არსებული ტყის ინვენტარიზაცია. დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხანძრების პრევენციის მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ტერიტორიის აღჭურვას ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით. მიმდინარე წელს, ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიების აღჭურვა უკვე მოხდა, აღნიშნული გაგრძელდება მომდევნო წელსაც და, დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, სხვადასხვა დაცული ტერიტორიისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი იქნება შეძენილი. 2022 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტყის ინვენტარიზაცია განახორციელა თეთრიწყაროს, ახალქალაქისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 33 665 ჰექტარ ფართობზე, ასევე, ერუშეთის ეროვნულ პარკსა და თეთრობის აღკვეთილში. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ალგეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემუშავდა და დამტკიცდა ტყის მართვის გეგმები, რაც დაეხმარება სამომავლოდ სააგენტოს, განახორციელოს ტყის მდგრადი მართვა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, სააგენტომ ყველა დაცული ტერიტორიისთვის 294 ცალი ფოტოხაფანგი შეიძინა“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.