თეგი: დევიდ ო’სალივანი

სანქციების საკითხებში ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. უფრო ადრე, საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება  ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას, უწყების თანახმად, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისა და საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს პოზიტიური შეფასებისთვის. „მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. მაღალი რანგის სტუმრებს ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს, როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო კვლავ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სანქციების ნაწილში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა“, - წერია უწყების ინფორმაციაში. შეხვედრას დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა, სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ სიჭინავა და შემოსავლების სამსახურის სხვა წარმომადგენლები. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში და ის ღონისძიებები, რომელიც შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს აქვს განხორციელებული აღსრულების მიმართულებით, ნამდვილად სანიმუშოა მსოფლიოში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა შეხვედრის შემდეგ. როგორც მან განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ, კი, შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები სანქციების აღსრულების მიმართულებით, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. „სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.  ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება.  უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.

ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან - დევიდ ო’სალივანი

ჩემთვის ნათელია, რომ მომავალში თუ ჩაიხედავ - ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობას, - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.  „სურვილი არ გვაქვს საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგალური ვაჭრობა დავაკნინოთ. ბევრი პროდუქტი არსებობს, რომელიც არაა სანქცირებული, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სექტორში. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რატომ არ უნდა გაგრზელდეს ეს ექსპორტი. რაც შეეხება საშუალოდან გრძელ პერსპექტივამდე, მეშინია, რომ რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივები არ არის მთლად იმედის მომცემი, უკვე ვხედავთ სანქციების გავლენას და მჯერა, რომ სანქციები კიდევ საკმაოდ დიდხანს დარჩება ძალაში. რომ წარმოვიდგინოთ ომის შეჩერება, რაც სამწუხაროდ ნაკლებად სავარაუდოა ამ მომენტში, რუსეთთან სხვა პრობლემებიც უნდა მოგვარდეს და სანქციები, ჩემი აზრით, 5-10 წელით კიდევ იქნება. და ყველამ ამ გარემოების მართვით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ეს საბოლოო ჯამში შეაჩერებს რუსეთის ეკონომიკას, უკვე ვხედავთ ამას, და რუსი ხალხის კეთილდღეობის დაკარგვას, რაც ბატონი პუტინის პოლიტიკური არჩევნების სამწუხარო შედეგია. აქ იმისთვის არ ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ან ქართულ ბიზნესს რჩევებს ვაძლევდე თუ სად მდებარეობს მათი საუკეთესო პერსპექტივები. რაც ნათელია ჩემთვის არის ის, რომ მომავალში თუ ჩაიხედავ - ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობას,” - განაცხადა ო’სალივანმა. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია  

დევიდ ო’სალივანმა განმარტა, რა პრობლემას იწვევს რუსეთთან პირდაპირი ფრენები

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართული პრესკონფერენციის დროს ისაუბრა, რა პრობლემას იწვევს რუსეთთან პირდაპირი ფრენები. მისი განმარტები, „ერთადერთი პრობლემა რუსეთთან პირდაპირ ფრენებში არის ის, რომ შემოსასვლელი პუნქტების გამრავლებასთან ერთად მეტი ყურადღებაც გჭირდება - ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციალურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში“. ო'სალივანმაუპასუხა კითხვას, რა არის საქართველოში ყველაზე სუსტი წერტილი სანქციების თავიდან არიდების კუთხით და რა როლს თამაშობს ამაში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა. „იმის თქვა შემიძლია, რომ საქართველო ყველა საჭირო ძალისხმევას იღებს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ქვეყანა [სანქციებისთვის] გვერდის ასავლელ პლატფორმად არ იყოს გამოყენებული. და ყველა საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ამ ძალისხმევებს გააგრძელებენ… საქართველო ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავდება. ბევრი გზა არსებობს, რომლითაც ხალხი ცდილობს, სანქციებს გვერდი აუარონ საბაჟო პუნქტების ან ყალბი დეკლარაციების გამოყენებით, და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან შთამბეჭდავი ზომები მიიღეს ამის მონიტორინგისთვის, და დასარწმუნებლად, რომ ეს არ მოხდება. ერთადერთი პრობლემა [რუსეთთან] პირდაპირ ფრენებში, რომლის თქმაც შემიძლია - თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელ პუნქტებს გაამრავლებ, მაშინ მეტი ყურადღება გჭირდება და ყოველი ეს შესასვლელი პუნქტი იგივენაირად გამოკტროლდება, როგორც უკვე არსებული პუნქტები და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ ასე იქნება. ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციალურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მგონია, რომ საქართველოში ეს უფრო სუსტი წერტილია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელსაც [რუსეთთან] სახმელეთო საზღვარი აქვს”, - განაცხადა ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია  

დევიდ ო’სალივანი თბილისში: გატარებული ზომები ძალიან მყარი გარანტიაა იმისა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდება

საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს, მაგრამ საქართველო საშუალებას არ იძლევა, მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა. „გამიხარდებოდა იმის თქმა რომ შემეძლოს, რომ სადმე სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ზომები, რომლებიც აქ [საქართველოში] იყო მიღებული, ძალიან მყარი გარანტიაა იმის, რომ [სანქციებისთვის] გვერდის ავლა არ მოხდება… იმ მიზეზების გამო, რომლებიც უკვე ვახსენე, საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს. თუმცა ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ, არის ის, რომ საქართველო ძალიან სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებას, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული, იქნება ეს საქონლით ვაჭრობა, კონკრეტულად კი, 38 საბრძოლო საქონელი თუ ფინანსური სერვისები,” - განაცხადა ო’სალივანმა. დევიდ ო’სალივანმა განმარტა, რა პრობლემას იწვევს რუსეთთან პირდაპირი ფრენები აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლების კომენტარებით ირკვევა, რომ მათი ჩამოსვლის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო, რომლებიც გამოიყენება რუსული იარაღის გასაძლიერებლად - დასავლეთს აშფოთებს, ხდება თუ არა ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ასევე გაირკვა ამ ვიზიტიდან, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება, თუმცა ფრენებიც უნდა გაკონტროლდეს. შესაბამისად, ახლა ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი. ხსენებულ საკითხზე თბილისს წინადადებები უკვე წარედგინა.