თეგი: დეკლარაცია
საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას, ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თაობაზე
საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თაობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული. კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ქვეყანა და პოტენციური კანდიდატი ბოსნია და ჰერცეგოვინა და EFTA-ს ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო უერთდებიან დეკლარაციას. დეკლარაცია მტკიცედ გმობს მხეცობას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს. „მტკიცებულებები მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაჭრილთა უზარმაზარი რაოდენობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის შესახებ ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს ამ სასტიკი, აგრესიული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი მხეცობების სიაში შევა“, - აღნიშნულია დეკლარაციაში. ევროპული საბჭო მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობაა, რომელიც დანაშაულების ჩადენის მომენტში კიევის ოლქის ქალაქებს აკონტროლებდა და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი. 29 მარტს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ განაცხადა. 2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა.ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ევროკავშირი და NATO, 5 წლის განმავლობაში თანამშრომლობის დეკლარაციას პირველად განაახლებენ
ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, NATO-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განახლებული ერთობლივი დეკლარაციის გასაფორმებლად, ბოლო 5 წლის შემდეგ პირველად ემზადებიან. ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახური იტყობინება. ხელმოწერა მომავალ სამშაბათს, 10 იანვარს, ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში იგეგმება. ხელმოწერის ცერემონიას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან. ხელმოწერა ადგილობრივი დროით 11 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ. ეს მესამე ასეთი დოკუმენტია. პირველი ერთობლივი დეკლარაცია 2016 წელს გაფორმდა, მეორე - 2018 წელს. ერთობლივი დეკლარაცია სხვა საკითხებთან ერთად, ასახავდა თანამშრომლობის ხედვას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო აღჭურვილობისა და პერსონალის გადაადგილება, კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა და ანტიტერორისტული ზომები.
პრეზიდენტმა მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებულ ვიზიტებში 48 ათასი ლარი დახარჯა - დეკლარაცია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად მოგზაურობისთვის პირადი თანხა - 48 217 ლარი დახარჯა. ეს არის მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი, რომელიც განახლებულ ქონებრივ დეკლარაციაში აისახა. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 2023 წელს 84 221 ლარი იყო, საიდანაც 55 275 ლარი ქველმოქმედებაში დახარჯა. 29 იანვრის მონაცემებით, მის საბანკო ანგარიშებზე იყო: 27 ათას ევრომდე და 29 ათას დოლარამდე თანხა.
საქართველო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას შეუერთდა - მთავრობა
საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასევე - ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით. „მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ლიდერმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა" და მისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ. საბოლოო დოკუმენტში ასევე აისახა საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო ჩარევა და ინფორმაციით მანიპულირება სტრატეგიულ გამოწვევას უქმნის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) წევრ ქვეყნებს, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების მიმართ პირდაპირი საფრთხეების ფონზე და საზოგადოებების გამძლეობის გასაძლიერებლად საჭიროა უფრო ღრმა და სწრაფი, ოპერატიული კოორდინაცია ევროპულ სახელმწიფოებს შორის. სამიტის დეკლარაციაში აისახა ქართული მხარის წინადადება შავი და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების რეგიონებში მდებარე ქვეყნები უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან ერთად ჩაატარებენ ტექნიკური დიალოგების სერიას შავი და კასპიის ზღვების რეგიონული ენერგეტიკული კავშირების მხარდასაჭერად. დიალოგების ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნების გამოცდილების, რესურსების, ცოდნისა და ექსპერტიზის პრაქტიკული გზით გაზიარება, რათა შავი და კასპიის ზღვების EPC-ს წევრებმა გადაჭრან რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოიყენონ თავიანთი ენერგეტიკული პოტენციალი სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით,“ - წერია ინფორმაციაში. პრემიერის განცხადებით, „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებით, გამოიკვეთა ქვეყნის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით.“ „ჩვენ გვქონდა ასევე საშუალება, რომ გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები, გავსაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან შესაბამისად, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი, რათა გაგვეზიარებინა ის გზავნილები, რაც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, დოკუმენტში ასახულია საქართველოს განსაკუთრებული ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით. „ჩვენი ქვეყანა მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რომელიც ჩამოყალიბდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ ამ კუთხით გამოვკვეთოთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ამაზე გვქონდა საუბარი ამ სამიტის ფარგლებში და სწორედ ეს საკითხი აისახა საბოლოო ჯამში ამ სამიტის დოკუმენტში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. „ჩვენ კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია 10-მდე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, იგივე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, გვქონდა საუბარი სხვა პროექტებზეც,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობდა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, განსაკუთრებული როლი შეასრულოს, მათ შორის, ენერგეტიკული ტრანზიტის თვალსაზრისით. „ეს ეხება იგივე გაზის რესურსებს, ნავთობის რესურსებს და ა.შ. ამ კუთხით გვქონდა საუბარი, როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციურ პროექტებზეც,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მოგვიანებინ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში - ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია.“