თეგი: დეპოზიტი

თებერვალთან შედარებით, მარტში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 269 მილიონი ლარით შემცირდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 43.34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 268.98 მლნ ლარით, ანუ 0.62 პროცენტით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ანგარიშის თანახმად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 74.07 მლნ ლარით, ანუ 0.44 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 343.05 მლნ ლარით – 1.28 პროცენტით შემცირდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მარტის ბოლოსთვის 46.49 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.25 პროცენტული პუნქტით. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.83 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.56 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.13 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.81 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.43 პროცენტი შეადგინა.