თეგი: დისკრედიტაციული კამპანია
ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს. ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია „გვინდა გამოვეხმაუროთ საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებების, დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის შემცველი განცხადებების მორიგ ტალღას, რომელმაც ბოლო 2 დღეა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაცია, ისევე როგორც ამ უწყების წარმომადგენელი კონკრეტული პირები არაერთხელ გამხდარან პოლიტიკოსების თავდასხმის ობიექტი, პერმანენტულად ისმის ბრალდებები, რომ თითქოს ქვეყანაში არჩევნები ყალბდება, რომ ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესს ატარებს, თუმცა არასდროს არც ერთ მათგანს არ წარმოუდგენია გაჟღერებული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები. ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის მაღალ სტანდარტებზე საუბრობენ, სამწუხაროდ ავიწყდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია საარჩევნო ადმინისტრატორებთან მიმართებით და საკუთარი განცხადებებით არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტირებას ახდენენ. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამჯერად აღნიშნული კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით დაიწყო, რომელიც ცესკოში პარტია „ლელოს“ წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერმა წარმომადგენელმა და მით უფრო ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, კარგად იცის, თუ რამხელა რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით, პროფესიონალურად ჩატარდეს. კარგად ხედავს იმ სისტემის უპირატესობას, რომლის დანერგვაც ახლა საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი საზრუნავია. ხედავს იმ აშკარა წარმატებას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ამ მიმართულებით აქვს და სამწუხაროა, რომ ყველა ამ წარმატების უგულებელყოფა ხდება პოლიტიკური ინტერესების და პოლიტიკური დღის წესრიგის გამო. საგულისხმოა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს იმ პროცესთან, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო საკანონმდებლო ინიციატივების პოლიტიკური ასპექტების განხილვა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩარევა არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას. ამის მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები აქცენტს საარჩევნო ადმინისტრაციაზე აკეთებენ და უსაფუძვლო ბრალდებების გახმაურებით ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან მის მიმართ უნდობლობა. არსებული რეალობიდან გამომდინარე ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს დისკრედიტაციული კამპანია მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის აშკარა წარმატების დასაჩრდილად. სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ თვალნათლივ ნახა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად ჩაატარა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. ამ არჩევნებმა უმაღლესი შეფასება მიიღო მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების, უცხო ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ, მათ შორის, იმ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც ახლა საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით დისკრედიტაციულ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ გასჩენიათ. ამის მიუხედავად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც აზიანებს როგორც უწყებას, ისე მთლიანად საარჩევნო გარემოს. და ბოლოს საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ამ ეტაპზე დგას უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რაც 2024 წლის პარლამენტის და ყველა მომდევნო საერთო არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას გულისხმობს. აღნიშნული რეფორმის განხორციელება დაკავშირებულია კოლოსალურ სამუშაოსთან. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებისა და ამ პროცესში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისთვის. გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკოსებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეაფასონ მხოლოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით და ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, რადგან საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.