თეგი: დისკრიმინაცია
გენინსპექციამ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებით ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, შესაბამისი სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებით ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საქმე შეეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჩივარს, მის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ამავე ნიშნით ხელშეკრულების არგაგრძელების საკითხს. „სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ არ დაადასტურა გენდერული ნიშნით შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელების ფაქტი, ხოლო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემდეგ მომზადდა შესაბამისი დასკვნა ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული შევიწროებაში დადანაშაულებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც თავდაცვის ძალების მიერ გათვალისწინებული იქნა. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას, რომელზეც დაუყონებლივ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, რადგან თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მსგავსი ტიპის ბრალდებების საფუძვლიან შესწავლას. სამინისტროს პოლიტიკა შეუწყნარებელია ნებისმიერი და მათ შორის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ. გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და განმტკიცება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაში.