თეგი: დმანისი
დმანისის მერი: სოფელ შახმარლოში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლის მდგომარეობას კომისია შეისწავლის
"ოფელ შახმარლოში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლის მდგომარეობას კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ოჯახს ზარალი აუნაზღაურდება", - ამის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. "როგორც სეისმოლოგიის ცენტრმა გვაცნობა, დაახლოებით 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. ამ ეტაპზე რაც დავაფიქსირეთ, ეს არის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში, შაბან კოჯაევის ოჯახში, სადაც საცხოვრებელი სახლის კედლის ნგრევა მოხდა. შევისწავლეთ სახლის ამჟამინდელი მდგრადობა, შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალს აუცილებლად ავუნაზღაურებთ“, – განაცხადა კობა მურადაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება.
დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ციმბირის წყლულის შემთხვევები გამოვლინდა
დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ციმბირის წყლულის შემთხვევები გამოვლინდა. ქვემო ქართლში ჯილეხის (ციმბირის წყლულის) გამოვლენის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ მიიღო ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარები მყისიერად გავიდნენ ადგილზე, აიღეს პათოლოგიური მასალა და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაავადება ჯილეხი დადასტურდა“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, სააგენტოს ვეტერინარულმა სამსახურმა პირუტყვის დაცემის ადგილებზე განახორციელა კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად, დაცემული პირუტყვი დაიწვა და დაიმარხა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მიმდებარე პერიმეტრზე მიმდინარეობს ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ზემო კარაბულახის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს საკარანტინო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილების, ცხოველების ბაზრობების მოწყობის, ცხოველებისგან მიღებული ნაწარმის მოხმარებისა და რეალიზაციის შეზღუდვას. „ჯილეხი (ციმბირის წყლული) – ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ჯილეხის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველს ცრიან“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
არქეოლოგებმა 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრი ავრცელებს. "ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში. ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები. 2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მეოთხე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თეა წულუკიანის თქმით, დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში
საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი ამ დროისთვის მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში. ამის შესახებ 1tv.ge წერს. არქეოლოგებმა 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს „დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და მუზეუმში ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგროვებს მასალებს და თუ დავინახეთ, რომ რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევაა, თუმცა დარღვევები სახეზეა, შემდეგ მივცემთ ამას მსვლელობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი დმანისის სოფელ ოროზმანთან აღმოაჩინეს. საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში.
მედია: დმანისის კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა, ცენტრის ხელმძღვანელის ცხედარი ნახეს
დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა, დღის საათებში ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა კილაძის ცხედარი ნახეს. შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ წერს. გამოცემის ცნობით, დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასწავლო ან კვლევითი პროგრამა არ მიმდინარეობდა - დმანისისა და ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციები და საზაფხულო სკოლები სექტემბრის ბოლოს დასრულდა. თავად გოჩა კილაძე, მისი კოლეგების თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის მუდმივად ამ ცენტრში იყო. „არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. ის მონაწილეობდა დმანისის ცნობილ არქეოლოგიურ გათხრებში, რომლის დროსაც იპოვეს 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის თავის ქალები და სხვა პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალა“, - წერს გამოცემა. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 62 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდა იყო.
USAID ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამ მუნიციპალიტეტთან პარტნიორობას იწყებს
სერვისების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით, USAID ბოლნისთან, დმანისთან და მარნეულთან მუშაობას იწყებს დღეს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს სამ მუნიციპალიტეტთან, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას. ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომლებსაც დღეს ხელი მოეწერა ბოლნისთან, დმანისთან და მარნეულთან, ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ქენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი. USAID-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციი, პროექტის ამოქმედების შედეგად გაუმჯობესდება საჯარო სერვისები და გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები. ურთიერთგაგების მემორანდუმები ასევე წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, ადგილობრივი ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. თანამშრომლობა შეეხება თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ სისტემებსა და სერვისებს, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის საქმიანობის სფეროები, როგორიცაა სოციალური მომსახურება, მყარი ნარჩენების მართვა, მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლამდელი განათლება, ციფრული სერვისები და სხვა საკითხები, რომლებიც პრიორიტეტულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ინფორმაციისთვის, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის საშუალებით, USAID სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს დაუჭერს მხარს. აღნიშნული სამი მუნიციპალიტეტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პირველი წლის 11 პარტნიორ მუნიციპალიტეტს შორისა შერჩეული. მათ გაიარეს მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესი, გამოხატეს ინტერესი და მზაობა, იმუშაონ მუნიციპალური ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების ამაღლებაზე, საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდაზე. USAID-მა ჩაატარა სამუშაო შეხვედრები 11 პარტნიორი მუნიციპალიტეტთან, თითოეული მუნიციპალიტეტის გამოწვევებისა და პრიორიტეტული საჭიროებების გამოსავლენად. შედეგად, შემუშავდა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები, რომელიც საფუძვლად დაედო თითოეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
საქართველოში 19 ივლისს მიწისძვრა ორჯერ დაფიქსირდა
დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თავდაპირველად ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა კი ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან მოხდა. სოფელ გამარჯვებაში 06:38 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო. რაც შეეხება სოფელ მამიშლარს, იქ 08:54 საათზ დაფიქსირებული ზემიწისძვრის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა.
შსს-მ დმანისის ყოფილი მერის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის ყოფილი მერის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთჯერ ისროლეს. ის მიიჩნევს, რომ თავდასხმა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. ყოფილმა მერმა აღნიშნა, რომ სროლის შედეგად ავტომანქანას საბურავი აქვს გახვრეტილი, ხოლო ერთი ტყვია გაჭედილია მძღოლის სავარძელში, რომელზეც თავად იჯდა. გიორგი ტატუაშვილი 2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნების" რიგებიდან აირჩიეს. ის იყო „ქართული ოცნების" დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2020 წლის აგვისტოში ტატუაშვილი მმართველი პარტიიდან გარიცხეს. მანამდე მან მხარდაჭერა გამოუცხადა დეპუტატ კახა ოქრიაშვილს, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკს შეუერთდა. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ტატუაშვილი „ენმ - ძალა ერთობაშიას" მერობის კანდიდატი იყო დმანისში. გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმას განცხადებით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. თავდასხმას ისიც ტატუაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი შეფასებით, დმანისის ყოფილ მერს, ოპოზიციონერ გიორგი ტატუაშვილს, რუსული პარტიის ბანდ-ფორმირება თავს დაესხა და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია განიზრახა."