თეგი: დმიტრი გუდკოვი
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ თბილისში არ შემოუშვეს
რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Facebook გვერდზე განთავსებულ ვიდეოში განაცხადა. „კიევიდან თბილისში ჩამოვფრინდი. აქტივისტებთან შესახვედრად, მაქვს მოსაწვევი. საზღვარზე მითხრეს, რომ უკან კიევში მიკეთებენ დეპორტაციას. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, არ შემიშვან ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები მაქვს დაგეგმილი, გადახდილია სასტუმროს საფასური, პარასკევის ფრენის ფასი, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ლუბოვ სობოლიც გააბრუნეს აქედან. საკვირველი ამბები ხდება საქართველოში მეგობრებო", - ამბობს გუდკოვი ვიდეომიმართვაში. რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, რომელიც იჯარის თანხის გადაუხდელობის საქმეზეა ეჭვმიტანილი, უკრაინაში გასული წლის ივნისიდან ცხოვრობს. თავად კი საქმეს პოლიტიკურს უწოდებს. შსს-ს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსმა ოპოზიციონერმა ქვეყანაში არშემოშვების საკითხზე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას უპასუხა
რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველ ხალხს და მის სწრაფვას ევროპისკენ. ,,ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას ამ ტყუილს. ისინი დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ აეხსნათ, რატომ არ შემიძლია ხინკლის ჭამა მშვიდობის ხიდის ხედის ფონზე - და, როგორც იქნა, მოიფიქრეს... აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს ცნო. დეპუტატი 2011 წელს გავხდი. 2008 წლიდან კი, როცა საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო ერთხელაც კი აღარ ვყოფილვარ. გარდა ამისა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეა, მე არ დამიკავებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი - როგორც გვახსოვს, საქართველოს ხელისუფლებამ ეს დეპუტატი გახარებულმა მიიღო“, - აცხადებს დმიტრი გუდკოვი. შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დმიტრი გუდკოვის არშემოშვების გამო ის აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს. „როდესაც საუბარია ალექსეი ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების შემოშვება-არშემოშვებაზე, მინდა გაგახსენოთ, რა უწოდა ნავალნიმ ქართველებს 2008 წელს. როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ ჩავიხედოთ წარსულში, თავის დროზე საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპაციაზე ვის რა აქვს ნათქვამი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.