თეგი: დოლანდ ტრამპი
ტრამპი გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს
ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენისას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე საჯარო მოსმენა კონგრესში პირველად გაიმართა. რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლიზ ჩეინიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმა წაახალისა. კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ბენი ტომფსონმა კი აღნიშნა, რომ კაპიტოლიუმის შტურმმა აშშ-ის დემოკრატიას საფრთხე შეუქმნა. სხდომის ფარგლებში აჩვენეს ინტერვიუები დონალდ ტრამპის კაბინეტის ყოფილ წევრებთან. მათ შორის იყო აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორის უილიამ ბარის შეფასებით, ტრამპის ბრალდება იმის შესახებ, რომ თითქოს 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, საფუძველს მოკლებულია. საჯარო მოსმენაზე ასევე აჩვენეს ტრამპის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის ჩვენების ჩანაწერიც, რომელშიც ის აშშ-ის გენერალური პროკურორის შეფასებას ეთანხმება. კონგრესში მიმდინარე თვეს სულ ექვსი სხდომაა დაგეგმილი. დონალდ ტრამპმა, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, კომიტეტის წევრებს „პოლიტიკური ბანდიტები“ უწოდა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ტრამპის ხელახალი არჩევა კატასტროფა იქნება ევროპისთვის
დონალდ ტრამპი თუ მომავალ წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს იქნება „კატასტროფა“ ევროპისთვის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ბორის პისტორიუსმა ეს განცხადება ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე პანელის დისკუსიის დროს გააკეთა. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემოკრატმა მოიგეს არჩევნები, ევროპაში გამოწვევები გაგრძელდება, რადგან ვაშინგტონის ფოკუსირება უფრო მეტი იქნება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე. ასეთ შემთხვევაში კი, პისტორიუსის შეფასებით, ევროპაში აშშ-ის იმავე დონეზე ჩართულობა გაჭირდება. პისტორიუსმა განმარტა, რომ ალიანსში შემავალ ევროპულ ქვეყნებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ევროპის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. ტრამპი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა, არაერთხელ აკრიტიკებდა ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს NATO-ს ფინანსური და სამხედრო ტვირთის არგაზიარების გამო და იმუქრებოდა კიდეც აშშ-ის ჯარების ევროპიდან გაყვანით.
ზელენსკიმ ტრამპი კიევში მიიწვია
Politico-ს ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია, მაგრამ - ერთი პირობით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება. მანამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ის უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში შეაჩერებს. „დიახ, დონალდ ტრამპ, მე გპატიჟებთ უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეგიძლიათ ომის შეჩერება 24 საათში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ კიევში, ნებისმიერ დროს. მე აქ ვარ,“– განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანეთის მაუწყებელ Channel 4 News-თან. ზელენსკიმ განმარტა, რომ თუ ტრამპს აქვს ომის დასრულების "ფორმულა", მას სურს იცოდეს, რა არის ეს ფორმულა.
ტრამპმა ბაიდენის შესახებ პუტინის განცხადება კომპლიმენტად მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომპლიმენტად აღიქვა პუტინის განცხადება, რომ ტრამპს ბაიდენი ურჩევნია. სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ ჩარლსტონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის „საოცარ საქმეებს გააკეთებს“, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, მათ შორის, ძალიან სწრაფად დაასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომს. „რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ფაქტობრივად, დიდი კომპლიმენტი მითხრა. მან თქვა, რომ ბევრად ურჩევნია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე ტრამპის. ახლა ეს კომპლიმენტია. მას სურს ბაიდენი, რადგან მიიღებს ყველაფერს, რაც სურს, მათ შორის, უკრაინას. ის აისრულებს უკრაინის დაპყრობის სურვილს ბაიდენის დამსახურებით. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთისთვის არაფერი მიუცია, ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპი," – განაცხადა დონალდ ტრამპმა. პუტინმა "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის უკეთესი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე დონალდ ტრამპის, რადგან ბაიდენი უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია.
ორბანი ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს"
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს." ორბანი ტრამპს ფლორიდაში შეხვდა. „ჩვენ გვჭირდება ლიდერები მსოფლიოში, რომლებსაც პატივს სცემენ და შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ის ერთ-ერთი მათგანია! დაბრუნდით და მოგვიტანეთ მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო!" - დაწერა ორბანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. თავის მხრივ, ტრამპა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი არის დიდი ლიდერი, რომელსაც პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. მანვე აღნიშნა, რომ ორბანის მასპინძლობა დიდი პატივი იყო. შეგახსენებთ, ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდოდ, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი იქნება. წინასწარი გამოკითხვებით, ის მოქმედ პრეზიდენტს და ასევე, სავარაუდოდ, „დემოკრატების“ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს უსწრებს. CNN ტრამპისა და ორბანის შეხვედრის დეტალებზე წერს
როგორია რუსეთის რეაქცია ტრამპის გამარჯვებაზე
კრემლი ფრთხილი რეაქციით გამოეხმაურა დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და განაცხადა, რომ აშშ კვლავ მტრულ სახელმწიფოდ რჩება. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპმა თავისი კამპანიის დროს გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადებები უკრაინის ომის შეწყვეტის სურვილზე. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ მტრულ სახელმწიფოზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად არის ჩართული ომში ჩვენს სახელმწიფოსთან (უკრაინაში),“ – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვის გეგმების შესახებ და რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ აშშ-ს შეუძლია ამ კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი. ეს მყისიერად არ ხდება, მაგრამ... აშშ-ს შეუძლია, შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი. მოხდება თუ არა ეს, და თუ კი, როგორ... ამას იანვარში (აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ) დავინახავთ.“ მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ „არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, რომელიც რუსეთში კარგად არის ცნობილი და კონგრესის ახალი შემადგენლობის შესახებ, სადაც წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელები“ უმრავლესობას იღებენ, ილუზიები არ აქვთ.“ „რუსეთი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც იგი თეთრ სახლში მოეწყობა, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა დასახული მიზნის მიღწევაზე. ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად არის ცნობილი,“ - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში. 78 წლის ტრამპმა, პირობა დადო, რომ არჩეული შემთხვევაში სწრაფად დაასრულებდა უკრაინაში ომს, თუმცა მან არ დააკონკრეტა, როგორ გეგმავდა ამის მიღწევას. პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა, განიხილოს ომის შესაძლო დასრულება, თუმცა რუსეთმა თავისი ტერიტორიული მიღწევები და პრეტენზიები უნდა შეინარჩუნოს, რაც უკრაინის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია და კაპიტულაციად ითვლება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ყველაზე დიდი დაპირისპირება მოსკოვსა და დასავლეთს შორის 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი და აშშ ბირთვული ომის ზღვარზე იდგნენ. განახლება: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. პუტინმა მას მამაცი ადამიანი უწოდა და განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მას დაურეკოს. პუტინმა წამყვანის შეკითხვას ამერიკელი პრეზიდენტების შესახებ უპასუხა ვალდაის ფორუმზე გამართულ პრესკონფერენციაზე. მან განაცხადა, რომ მათ, ყველას, საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს და აღნიშნა, რომ სხვანაირად ისინი ვერ დაიკავებდნენ "მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს" ხელმძღვანელის პოსტს. ტრამპის შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ შთაბეჭდილება მოახდინა პოლიტიკოსის საქციელმა მასზე თავდასხმის დროს. „ადამიანი თავს ავლენს არაჩვეულებრივ პირობებში. და მან აქ გამოავლინა თავი," - განაცხადა პუტინმა.