თეგი: დროა

"სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

"სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ამასთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერები: გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ და "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობენ. “19-21 ოქტომბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ასევე ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე მუშაობენ, მათ შორის ჩართული არიან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში. აღნიშნული ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გავაცანით ის განწყობა და მოლოდინები, რომელიც ამ შეხვედრების დროს დაგვხვდა. კერძოდ: - ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა, იმისათვის რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, ისევე როგორც რიგ შემთხვევებში არ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სტატუსზე უარი და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა განაპირობა; - 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება; - შეფასების მომზადება 2023 წლის თებერვალ-მარტში დაიწყება; მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ რადგან ამ წუთისთვის სახეზე არაა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით; - შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს; - შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური - ანუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს; - ასეთი მაღალი ალბათობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას. ამ პუნქტებთან მიმართებაში „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიგვიანა და პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დეოლიგარქიზაციის პუნქტი არის ერთ-ერთი ასეთი პუნქტი. ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები “ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე, გვიწოდეს „უსაქმურები“, „ქვეყნის მტრები“ და ა.შ. მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენს მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

„გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათივე შეფასებით, შექნილ ვითარებაში ერთადერთი გზა არის პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობის და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია. "ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გუშინ მხარდაჭერილი ანგარიში ევროპული ოფიციალური სტრუქტურის მიერ მიღებული პირველი წერილობითი დოკუმენტია საქართველოს შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს ევროკომისიის მიერ ზაფხულში ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებას, რითიც მიზანმიმართულად ამბობს უარს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებით არანაირი წინსვლა არ აღინიშნება. უფრო მეტიც, მთელი რიგი ძირითადი მიმართულებებით ადგილი აქვს უკუსვლას. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი არსებობს და რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჭარბი გავლენების ამოძირკვას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. შესაბამისად, კანონის მიღება, რომელიც არ ეხება ბიძინა ივანიშვილს, არ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციის მუხლის შესრულებად. ევროპული სტრუქტურის ოფიციალურ დოკუმენტში პირველად არის ჩაწერილი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და კორუფციასთან ბრძოლის მხრივ სტაგნაცია შეინიშნება. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, შეინიშნება რეგრესი მთელი რიგი მიმართულებებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ან უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების ნომინირების პროცესი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის პროცესთან დაუშვებელია "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან აგრესიული თავდასხმები ევროპარლამენტარებზე, ასევე ევროკავშირისა და აშშ ოფიციალურ პირებზე. განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელია ისეთი მავნე რიტორიკა, როგორიცაა „დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა“. ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ოპონენტების დევნა, რისი მკაფიო მაგალითიცაა კრიტიკული მედიის მფლობელების და მათი ოჯახების წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო საქმეები, ნიკა გვარამიას საქმე, ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე. ასევე, მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჰუმანიტარული მიზნებით, ადეკვატური მკურნალობისთვის მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესება გასულ წელს. ევროპარლამენტი მოითხოვს "ტვ პირველის", ტვ "მთავარისა" და ტვ "ფორმულას" წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური საქმეების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ანგარიშში ასახულია საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობა. აღნიშნულია არჩევნების პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა, ძალადობა, ხმის მოსყიდვა და სხვა ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება. ანგარიში ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ დაცული და გარანტირებული იყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმის უფლება. ცალკე პუნქტად არის აღნიშნული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა და რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების გამორიცხვა. 24 ივნისიდან 4 თვის თავზე, 12 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად, "ქართულმა ოცნებამ" საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება და კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპული ოჯახის წევრობის პერსპექტივას. შექმნილ ვითარებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის გზა გადის პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან მაქსიმალურად სწრაფად ჩამოცილება", - აღნიშნულია „გირჩი-მეტი თავისუფლების, „სტრატეგია აღმაშენებლის" და პარტია „დროას“ ერთობლივ განცხადებაში.