თეგი: დუბაი
ივნისში, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ივნისში, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. ავიაკომპანია Fly Dubai კვირაში სამი სიხშირით ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე იფრენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. "ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავს ავიაკომპანია Air Arabia-ც, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში დუბაიდან შეასრულებს. არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობდა, როგორც ტურიზმის ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ემირატების უმსხვილეს საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან DNATA, რომელიც მილიონობით მგზავრისთვის ბათუმის ტურისტული პაკეტების შეთავაზებას აქტიურად იწყებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დუბაიში, მფრინავი ავტომობილი წარმატებით გამოსცადეს
კომპანიამ XPeng დუბაიში თავისი მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ინფორმაციიდან ვიგებთ, მფრინავ ავტომობილს ერთდროულად 2 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს, ხოლო მისი სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევს. "ახალი ტექნოლოგია საჯარო გამოყენებისთვის თითქმის მზად არის, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც მის მიმოსვლას შესაძლებელს გახდის ამ ეტაპზე მიღებული არ არის", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. . კომპანიამ XPeng-ის პროგნოზით, მგზავრები მფრინავი მანქანებით სარგებლობას, წინასწარ განსაზღვრულ სივრცეებში სარგებლობას 5 წლის შემდეგ შეძლებენ.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა
6-8 დეკემბერს ქალაქ დუბაიში გაიმართა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე, ასევე თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა საბაჟო და წარმოშობის წესები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა, ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერები და სხვა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებს შორის მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. ასევე, შემდგომი რაუნდის გამართვა საქართველოში 2023 წლის მარტში დაიგეგმა. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა თბილისში მიმდინარე წლის 26-28 სექტემბერს. ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".
KazMunayGas-ი და AbuDhabi Ports-ი კასპიისა და შავ ზღვაში ოფშორული პროექტებისთვის, ერთობლივ საწარმოს ქმნიან
KazMunayGas-მა და Abu Dhabi Ports Company-მ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც საზღვაო ფლოტისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებაში კასპიისა და შავი ზღვებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოეწერა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (UAE) ვიზიტის ფარგლებში. ამის შესახებ ყაზახეთის მედია იტყობინება. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრზე დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომელიც კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის ოფშორული პროექტებისთვის საზღვაო მომსახურებას უზრუნველყოფს. მხარეები ერთობლივ საწარმოში მონაწილეობას აპირებენ შვილობილი კომპანიების Kazmortransflot-ისა და International Maritime Investments Ltd-ის მეშვეობით. შეთანხმების თანახმად, მხარეები შექმნიან ფლოტს კასპიის ზღვაში ოფშორული პროექტების მხარდასაჭერად. ასევე ტანკერების ფლოტს, ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების შემუშავების გათვალისწინებით. კერძოდ, აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანის მიმართულებით. გარდა ამისა, JV მონაწილეები შეისწავლიან სავაჭრო ფლოტის შექმნის შესაძლებლობებს: საკონტეინერო ბორნების მშენებლობას ან შეძენას (ტრანზიტი ჩინეთიდან ევროპაში ტრანსკასპიური მარშრუტით) და (მშრალი ტვირთის) გემებით ჩრდილოეთ-სამხრეთის გასწვრივ ზოგადი ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის მისაღებად. „ამ შეთანხმების ფარგლებში იქმნება ერთობლივი საწარმო, რომელიც 2023 წლიდან აქტიურად ჩაერთვება ყაზახეთში საინვესტიციო პროექტებში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოვიყენებთ აბუ დაბის პორტების გამოცდილებას ოფშორული ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების პროექტების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მომსახურებაში“, - განაცხადა KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა.
დუბაიში ვერტმფრენი ზღვაში ჩავარდა
AeroGulf-ის ვერტმფრენი 7 სექტემბერს საღამოს ზღვაში ჩავარდა და მისი ეკიპაჟის ორი წევრის ძებნა მიმდინარეობს, - აცხადებენ არაბთა გაერთიანებული საემიროების გენერალურ საავიაციო სამსახურში. კატასტროფა დუბაის სანაპიროსთან მას შემდეგ მოხდა, რაც ვერტმფრენი ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა. ავიაციის მარეგულირებლის განცხადებით, Bell 212-ის ტიპის შვეულმფრენის ერთ-ერთი პილოტი ეგვიპტელია, მეორე კი სამხრეთ აფრიკელი. საძიებო-სამაშველო ჯგუფებმა ვერტმფრების ნამსხვრევები იპოვეს, ეკიპაჟის ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ადგილზეა გამომძიებელთა ჯგუფი.
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, Dubai Expo-ში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამიტის გახსნას დაესწრო. სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მ. „მოხარული ვარ, დავესწრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციას არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ქალაქ დუბაიში და წარმოვაჩინო საქართველოს ხედვა კლიმატის ცვლილებების სულ უფრო მზარდ და მწვავე გლობალურ ეფექტთან გამკლავების შესახებ. საქართველო ერთგულია კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაძლიერების იდეისადმი, მათ შორის გარემოსადმი კეთილგანწყობილი პროექტების განხორციელების გზით,“ - წერს ღარიბაშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).
ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს: არავის საქმე არ არის, სად დავისვენებ 5 დღე - გამოსაძიებელია, ვინ გიკვეთავთ ამ ბინძურ სტატიებს და სიუჟეტებს
„სასწაული სკანდალი“, რა თქვენი საქმე, მე სად წავედი? თქვენი საქმე არ არის, სად დავდივარ მე, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „თუ რა მიზნით იმყოფებოდა დუბაიში.“ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დუბაიში საკუთარი ხარჯებით იმყოფებოდა. გარდა ამისა, მან „ტვ პირველი“ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. „თქვენი საქმე არ არის, მე არ ვარ დღეს პრემიერ-მინისტრი. რას დამდევთ საერთოდ? მეტი საქმე არ გაქვთ? საქმეს მიხედეთ!რატომ ხარჯავთ ფულს იმაში, რომ დუბაიში ფოტოები გადამიღოთ. საერთოდ, როგორ კადრულობთ, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილებს ფოტოებს უღებთ და ტელევიზიით ავრცელებთ, ეს არის თქვენი სტანდარტი. ერთი მაგალითი მითხარით, როცა მე რომელიმე ოპონენტის ოჯახს ან შვილებს შევხებივარ? არასდროს. ეს არის თქვენი ხელწერა, თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია. ჩემი ფულით წავედი და თქვენი საქმე არ არის, რით წავედი. არავის საქმე არ არის, 5 დღე მე სად დავისვენებ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია. მაგალითად, ერთი ფაქტი მითხარით, როცა კორუფციაზე საუბრობთ, ფაქტი დამისახელეთ ერთი, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული. თქვენ ხართ კორუმპირებული ტელევიზია იცით რატომ? ნებისმიერ სიუჟეტს შეუკვეთს დღეს მოქალაქე. მილიარდები რომ მქონდეს, თქვენ ფულს არ გადაგიხდით. გამოსაძიებელი იცით რა არის? გამოსაძიებელია, ვინ გიკვეთავთ ამ ბინძურ, შეკვეთილ სტატიებს და სიუჟეტებს? თქვენი დამფუძნებელი, თქვენი მეპატრონე არის მკვლელი ჩვეულებრივი, ბატონი წერეთელი, ყველამ კარგად იცის თბილისში, 20 წლის წინ უდანაშაულო ბავშვი გაიტანა. კი არ ვაბრალებ, ყველამ იცის. თქვენი ტელევიზია არის დაფინანსებული თაღლითი, კრიმინალი ხაზარაძის მიერ, კახა ოქრიაშვილის მიერ, რომელიც ასეთივე ბანდიტი გამომძალველია, ძარცვავს პირდაპირ ჩვენს ხალხს. თქვენი სახელი არის მატყუარა ტელევიზია, თქვენ ხართ კორუმპირებული ტელევიზია და თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება,” - მიმართა ღარიბაშვილმა არხის ჟურნალისტს. „ტვ პირველის“ ეთერში გუშინ, 23 მარტს გავიდა სიუჟეტი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ. მან ასევე უარყო ამავე არხზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საიდუმლოდ შეხვდა ჯანდაცვის ყოფილმინისტრს ზურაბ აზარაშვილს. „მატყუარა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საიდუმლოდ შევხვდი ზურაბ აზარაშვილს, მე დასამალი არაფერი მაქვს - ასევე, ყოფილი მინისტრი, ჭიკაიძე „კახური კლანის“ წარმომადგენლად შერაცხეთ, რატომ გშურთ ადამიანების?“