თეგი: დუნია მიატოვიჩი
ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩთან ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ამის შესახებინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთგული რჩება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მთავარი პრიორიტეტის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით და მრავალმხრივი შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. ბოლო წლებში კი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების ერთიანი ეროვნული სტრატეგია საქართველომ პირველად 2014 წელს დაამტკიცა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობოდა და 2014-2020 წლებს ფარავდა. სახალხო დამცველის აპარატთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით კი ამჯერად მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც 2022-2030 წლებს დაფარავს. გასულ წელს გაერო-ს სააგენტოებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთავრობის ადმინისტრაციამ შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი შექმნა, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის გაერო-ს შშმ პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის რეკომენდაციებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტით არის დაცული. მისი თქმით, მთავრობა რჩება მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფის ერთგული და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლემი, კომისრის მრჩეველი ოლენა პეტსუნი, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის ანგარიში საქართველოს შესახებ
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები ლგბტ პირებისა და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის, შრომის უფლებების, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით. ანგარიშის თანახმად, საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ეფექტიანად უნდა დანერგოს. დოკუმენტი Europetime-ს დუნია მიატოვიჩის ოფისმა მიაწოდა. კომისარი აღნიშნავს, რომ ლგბტი პირები კვლავ არიან სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისა და გავრცელებული დისკრიმინაციის მსხვერპლნი საქართველოში. დუნია მიატოვიჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა ადამიანის უფლებების დამრღვევების დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი კატეგორიის პროფესიონალების ტრენინგი პრიორიტეტი უნდა იყოს. კომისარი აღნიშნავს, რომ ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სივრცეში, შემაშფოთებელია და რომ სათანადო რეაგირება სიძულვილის ენაზე, მათ შორის ოფიციალური პირების, რელიგიური ლიდერების და მედიის პროფესიონალების მიერ გახმოვანებისას, საჭიროა სამართალდამცავი არხების და სხვა მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, როგორიცაა პრევენცია, მონიტორინგი და თვითრეგულირება. კომისარი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ზომები, რათა ლგბტ პირებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეკრების უფლება. ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის სქესის ლეგალურ აღიარებას სწრაფი და გამჭვირვალე გზით. რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოხსნას დისკრიმინაციული ბარიერები ღვთისმსახურების ადგილებში და საგადასახადო და რელიგიური საკუთრების საკითხების რეგულირებისას. „ღია დიალოგი ყველა რელიგიურ გაერთიანებასთან უნდა დამყარდეს", - განაცხადა მიატოვიჩმა. გარდა ამისა, კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა სასკოლო სახელმძღვანელოებიდან რელიგიური სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად. მიატოვიჩი აღნიშნავს, რომ 2006 წელს შრომის ინსპექციის გაუქმებამ გამოიწვია საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის საკითხის მნიშვნელოვანი გაუარესება. კომისარი მიესალმება უახლეს ყოვლისმომცველ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ რეფორმებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვაროს დარჩენილი საკანონმდებლო ხარვეზები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მინიმალური ხელფასის დადგენით, მშობლის შვებულების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობისა და კომპენსაციის შესახებ მკაფიო სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებით. დუნია მიატოვიჩი საქართველოში 2022 წლის თებერვალში იმყოფებოდა.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თბილისშია
საქართველოს 29 ივნისს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი ეწვია. ის მონაწილეობას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ დუნია მიატოვიჩი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ნიკ ბერესფორდი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. დუნია მიატოვიჩი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტს 2018 წლის აპრილიდან იკავებს. კომისრის საქმიანობის სფერო მოიცავს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის - გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტების უსაფრთხოებას, უფლებადამცველთა დაცვას, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას. „თბილისი პრაიდის“ კვირეული 2 ივლისს გაიხსნება. ცნობისთვის, თბილისში ვიზიტით ასევე იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ერთგულია, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც შექმნილია ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირებისათვის. სტრატეგია ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას და მასში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. „დოკუმენტი მოიცავს ადამიანის ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად კი, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობის ეფექტიანობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. პრემიერმა დუნია მიატოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლამი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მრჩეველი ოლენა პეტსუნი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი.
ძალადობა მიუღებელია, ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერსა და მთავრობის წევრებს - დუნია მიატოვიჩი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი პოლიტიკოსებსა და გავლენის მქონე სხვადასხვა პირს მიმართავს, რომ თავი შეიკაონ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან, ასევე, „ორჯერ დაფიქრდნენ, ვიდრე დაიწყებენ ქვიარ თემის მიმართ თავდასხმას. დუნია მიატოვიჩის თქმით, ძალადობა სრულიად მიუღებელია და სწორედ ეს იყო მისი მთავარი გზავნილი საქართველოს პრემიერთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრისას. მიატოვიჩი „თბილისი პრაიდის“ კვირეულ გახსნაზე, 2 ივლისს გამოვიდა სიტყვით. ის აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს წევრ ქვეყანათა ნაწილიც გამოირჩევა ძალადობით ქვიარ თემის მიმართ, რაც ასევე დასაგმობია. „დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა ვიზეიმოთ თავისუფლება, აღვნიშნოთ სიყვარული, თანასწორობა და მრავალფეროვნება ყველა ადამიანისა. ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ თბილისში სასტიკი ძალადობა მოხდა „ღირსების მარშის“ დროს – იმ ღონისძიებისას, რომელიც აღნიშნავდა თანასწორობასა და თავისუფლებას. ჟურნალისტები და უფლებადამცველები, ვინც მონაწილეობდა და აშუქებდა ამ ღონისძიებას – მათ თავს დაესხნენ. ბევრი დაშავდა და ღონისძიება კი გაუქმდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალადობა მიუღებელია. შენ შეგიძლია რაიმეს არ დაეთანხმო და გამოხატო ეს, მაგრამ ძალადობა სრულიად მიუღებელია. და ეს იყო ჩემი ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობას გუშინ“. „როდესაც საზოგადოების ერთი ჯგუფის უფლებები ილახება, ყველა სხვა ჯგუფის უფლებებიც ავტომატურად ილახება, საზოგადოება მთლიანად ხდება ძალადობის სამიზნე. ჩემი გამოცდილებით, თუ ლგბტქი+ თემის წევრებს ესხმიან თავს, (იმავე საზოგადოებაში) თავს ესხმიან ქალებს, ემიგრანტებსა და ყველა სხვა მოწყვლად ჯგუფს. ეს ის არიც, რაც მიუღებელია და რაც არ უნდა ხდებოდეს თანამედროვე, 21-ე საუკუნის ევროპაში“. მიატოვიჩის თქმით, კანონები, რომლბესაც აქ და სხვაგან წარადგენენ პოლიტიკოსები, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ ვალდებულებებთან, რომლებიც სახელმწიფომ აიღო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისას. ამ შემთხვევაში კი, ის საუბრობს ევროპულ საბჭოზე. მიატოვიჩი აცხადებს, რომ გუნდთან ერთად გააგრძელებს თანასწორუფლებიანობაზე მუშაობას: „ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წელს, შეგვეძლება, თბილისის ქუჩებშიც თავისუფლად სიარული – ისევე, როგორც დავდივართ ევროპის სხვადასხვა ქალაქში“. „მეამაყებით და მეამაყება საქართველო, რომ მას ასეთი ძლიერი თემი ჰყავს და მე მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ თანასწორობისა და ღირსებისთვის ბრძოლა. და მოხდეს ისე, რომ გაიმარჯვოს სიყვარულმა და არა სიძულვილმა“.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: წინასაარჩევნოდ, LGBTI-ფობიით პოლიტიკური მანიპულაციის ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციებისა და LGBTI ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. „ის ასევე ასახავს ლგბტი-ფობიის პოლიტიკურ მანიპულირებას წინასაარჩევნოდ, რაც მე ადრე ვგმოდი და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. „შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული პოლიტიკური დისკურსით, რომელსაც “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება აჩვენებს მათ ინიციატივაზე, შეიტანონ ცვლილება კონსტიტუციაში და მიიღონ ახალი საკონსტიტუციო კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანი პიროვნებების” შესახებ. ის ააშკარავებს გამჯდარ საზიანო სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს LGBTI ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ დომინირებს ქართული საზოგადოების სეგმენტებში, მათ შორის, ზოგიერთ პოლიტიკოსში და შეუძლია, ძლიერი ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე, LGBTI ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, და მათი უფლებების დამცველებზე. ის ასევე LGBTI-ფობიით პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს წინასაარჩევნოდ, რომელიც აქამდე დავგმე და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობასა და ყველას ადამიანის უფლებების პატივისცემას ეყრდნობა,” - განაცხადა მიატოვიჩმა. ადამიანი უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ მან საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ყველა ფორმის დისკრიმინაციისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა და პრაქტიკის ერთგულნი იყვნენ. „შესაბამისად, ქართველ ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, სრულად პატივი სცენ ადამიანის უფლებების მხრივ მათ ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, მათ შორის, LGBTI ხალხის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების საქმიანობისთვის გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მხრივ. საქართველოში ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ მტკიცედ დაგმონ საარჩევნო კამპანიაში LGBTI-ფობიის ან ნებისმიერი სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება”, - განაცხადა დუნია მიატოვიჩმა. "ლგბტ ადამიანებს უფლება აქვთ, დაცულნი იყვნენ დისკრიმინაციისგან“ - Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ უარი თქვას ინიციატივაზე“