თეგი: დუშეთი
დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსოდან სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს
მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს. სუს-ის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე დანიშნულია ექსპერტიზა. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის სავარაუდოდ სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს“,- ნათქვამია განცხადებაში.
მაშველებმა ორ დაშავებულ უცხოელ მოლაშქრეს დახმარება აღმოუჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დუშეთის რაიონში, დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ მაშველებმა ორ დაშავებულ უცხოელ მოლაშქრეს დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ მართვის ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების, გარმინის საერთაშორისო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის რაიონში, დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ გადაადგილდებოდა უცხოელ მოლაშქრეთა 30-კაციანი ჯგუფი, რა დროსაც ორი მათგანი გახდა შეუძლოდ და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სჭირდებოდათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, მითითებულ ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით გაემგზავრა. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებოდნენ. მაშველებმა და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს უცხოელ მოლაშქრეთა ჯგუფის ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ორი მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანეს. შეუძლოდ მყოფი მოლაშქრეები ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.
მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 90-მდე ადამიანი. „მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა. მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება,“ - წერს უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში.