თეგი: ებრაჰიმ რაისი
ებრაჰიმ რაისის თქმით, ირანი ბოლო პერიოდში, ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ, გადამწყვეტად იმოქმედებს
ირანის რეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ირანი გადამწყვეტად უნდა გაუმკლავდეს საპროტესტო გამოსვლებს, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში ქვეყანა მოიცვა. Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, პროტესტისა და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დარღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ერთკვირიანი არეულობის დროს, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ცნობები არ გამოქვეყნებულა. ცნობისთვის, ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.
რაისი ბაიდენს: ირანი 43 წლის წინ გაათავისუფლეს
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ირანი მალე თავისუფალი იქნება. ჯო ბაიდენი: ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს „რამდენიმე საათის წინ შევიტყვე შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების შესახებ. როგორც ჩანს, ის დაბნეული იყო, რადგან ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ არ მოექცეს აშშ-ის ტყვეობაში“, - თქვა რაისმა თეირანში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ებრაჰიმ რაისი ირანში მომხდარ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს
ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ირანში მომხდარ აფეთქებებში ისრაელის ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ, ამ დანაშაულისთვის, მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ. რაისის მტკიცებით, ისრაელის სასჯელი "სამწუხარო და მკაცრი" იქნება. „ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს: ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გადაიხდით მძიმე ფასს ამ დანაშაულისთვის და თქვენს მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის,“ - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, სამ იანვარს, ირანის ელიტური "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკველობიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავად გამართული ცერემონიის დროს ორი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს არანაირი დამოუკიდებელი ინფორმაცია აფეთქებების შესახებ და რომ სახელმწიფო დეპარტამენტს არავითარი საფუძველი არ აქვს იფიქროს, რომ მასში ისრაელი მონაწილეობდა. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ს არ უნახავს რამე ნიშანი იმისა, რომ ირანში მომხდარი აფეთქებების უკან ისრაელი დგას.
ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენს ჩამოვარდნის შემდეგ, სამაშველო ჯგუფები ეძებენ -BBC
BBC-ის ცნობით, ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა, იუწყება სახელმწიფო მედია. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა - სამიდან ერთ-ერთი, რომელიც კოლონაში იყო, "მძიმე დაშვება" განახორციელა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილოეთით, ვერტმფრენს ძლიერი ნისლის დროს პრობლემები შეექმნა. საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ კატასტროფის ადგილზე 40-ზე მეტი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა მეძებარი ძაღლებისა და თვითმფრინავების ჩათვლით. შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განაცხადა, რომ რთული ამინდის გამო, მაშველები ამ დრომდე ცდილობდნენ ადგილზე მისვლას. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ, ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. რაისი ბრუნდებოდა ირან-აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად მდებარე ტერიტორიიდან, სადაც მან აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან ერთად ორი კაშხალი გახსნა. ალიევმა განაცხადა, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ამბების მოსმენის შემდეგ და დასძინა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, შესთავაზოს ნებისმიერი საჭირო დახმარება თეირანს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებენ არსებულ ცნობებს", მაგრამ დამატებითი კომენტარი ვაშინგტონს არ გაუკეთებია. მომხდარის გავლენები BBC-ის ანალიზის მიხედვით მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ირანში განვითარებულ მოვლენებს და ფიქრობს, იქნება თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები ირანის პოლიტიკაში რეგიონში, თუკი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი დაზარალდება. ამაზე მოკლე პასუხი არ არსებობს, თუმცა, არასტაბილურობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე. ამ ამბების გამოცხადების შემდეგ, ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად დაეცა. ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი და თანმხლები ოფიციალური პირები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან. მან ითხოვა ლოცვა მათთვის და დაარწმუნა ირანელი ხალხი, არ ინერვიულონ, რადგან ქვეყნის მართვაში პრობლემები არ იქნება. რაისი ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული პრეზიდენტია ირანის ისტორიაში და ძალიან ახლოს არის უზენაეს ლიდერთან. ის ერთ-ერთი სერიოზული პრეტენდენტია ირანის უზენაესი ლიდერის პოსტზე წარმატების მიღწევის თვალსაზრისით.
ირანი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა
ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ავიაკატასტროფაში ასევე დაიღუპა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, რამდენიმე სხვა პირთად ერთად. სააგენტო Tasnim-ის ცნობით, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იყვნენ პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, ქალაქ თავრიზის იმამი, პრეზიდენტის დაცვის უფროსი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ორი პილოტი და ტექნიკოსი. ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს, 20 მაისს მიაღწიეს. ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ 7 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში. ახალი პრეზიდენტის არჩევნები უახლოეს 50 დღეში გაიმართება. ირანის პრეზიდენტის სიკვდილის გამო ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ საგანგებო სხდომა მოიწვია. პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში პრეზიდენტი მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის შემდეგ. ირანის დღევანდელი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეია. ებრაჰიმ რაისს მიიჩნევდნენ აიათოლა ალი ხამენეის პროტეჟედ და მის პოტენციურ მემკვიდრედ ისლამური რესპუბლიკის შიიტურ თეოკრატიაში. რაისის პრეზიდენტობისას ირანმა გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან და გააძლიერა კონფრონტაცია დასავლეთთან და ისრაელთან, რომელსაც თეირანი მოსისხლე მტრად მიიჩნევს. ისლამური რესპუბლიკის კრიტიკოსები ებრაჰიმ რაისის მოიხსენიებენ „თეირანის ჯალათად" 1988 წელს, პოლიტპატიმრების სიკვდილით მასობრივად დასჯაში თავისი როლის გამო. იმ პერიოდში რაისი თეირანის პროკურორის მოადგილე იყო. მისი კარიერული წინსვლა დაიწყო 1989 წლიდან, როცა ხამენეი გახდა ირანის უზენაესი ლიდერი. 19 მაისს, ირანის მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დარჩა ცოლი ჯამილე ალამოლჰოდა და ორი ქალიშვილი.