თეგი: ევროზონა
ევროპარლამენტმა ხორვატიის ევროზონაში შესვლას მხარი დაუჭირა
ხორვატია, რიგით მე-20 სახელმწიფოა, რომელიც 2023 წლის 1-ელ იანვარს ევროზონას შეუერთდება და ეროვნულ ვალუტად ევროს გამოიყენებს. ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტმა 539 ხმით დაუჭირა მხარი. ხორვატია ევროკავშირში 2013 წელს გაწევრიანდა, თუმცა მას ევროზონაში გაწევრიანებისთვის ფასების სტაბილურობის, საჯარო ფინანსების, გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა. ევროპარლამენტმა, ხორვატიის ევროზონასთან მიერთების გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებიდან 9 წლის შემდეგ დაუჭირა მხარი. ამასთან, პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ხორვატიის მთავრობისგან ფასების კონვერგენციის ზომებს ელიან, რათა ევროს შემოღებამ ფასების ხელოვნური ზრდა არ გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში, ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია ხორვატიას ევროზონის მე-20 წევრად. ამის შემდეგ, ივნისის სამიტზე, ხორვატიაში ევროს შემოღებას „მწვანე შუქი“ ევროკავშირის ლიდერებმა აუნთეს.
ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზეა
მიმდინარე წლის ივლისში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.9%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკური ზრდის დონემ +4.0% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალთან შედარებით მშპ-ის მოცულობა 0.7%-ითაა გაზრდილი. ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ით გაძვირება და სურსათის ფასების თითქმის 10%-ით ზრდაა. რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო ათწლეულში პირველად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდა. შეგახსენებთ, რომ ივნისში ევროკავშირის საშუალო ინფლაციურმა მაჩვენებელმა 9.6%-ს მიაღწია, ხოლო გასულ თვეს ევროზონის ინფლაცია 8.6 პროცენტს შეადგენდა. S&P Global-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მწარმოებლები აფიქსირებენ მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას, ხოლო მაღალი ფასები აფერხებს აქტივობას მომსახურების სექტორში. JPMorgan-ი და Goldman Sachs-ი ევროზონაში რეცესიას პროგნოზირებენ. Goldman-ი აცხადებს, რომ ეკონომიკური ვარდნა რეალურად უკვე ამ კვარტალში დაიწყება.
ევროზონის წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში, რეკორდულ 10%-ს მიაღწია
ევროზონის 19 ქვეყანაში წლიური ინფლაცია, წინასწარი შეფასებით, სექტემბერში რეკორდულ 10%-მდე დაჩქარდა. ერთი თვით ადრე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9,1% იყო. ამას ევროსტატის მონაცემები ადასტურებს. ამასთან, არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები პროგნოზირებულზე მაღალი აღმოჩნდა. ამრიგად, პორტალ DailyFX-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ინფლაცია ევროზონაში მხოლოდ 9,7%-მდე დაჩქარდებოდა. ამრიგად, მიმდინარე წელს ფასების ზრდის საშუალო ტემპმა ევროზონის ისტორიაში მაქსიმუმს მიაღწია. 2021 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ ნაკლები იყო და დაახლოებით 3,4%-ს შეადგენდა. მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 1,2%-ით გაიზარდა. ამასთან, ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ესტონეთში ეს მაჩვენებელი იანვრიდან 24,2%-ია, ლატვიაში - 22,4%, ლიეტუვაში - 22,5%. ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა საფრანგეთში (6.2%), მალტაში (7.3%) და ფინეთში (8.4%).
ევროზონაში ინფლაციამ რეკორდს მიაღწია
ევროზონაში, ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (ევროსტატის) წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ინფლაციამ რეკორდი დაამყარა და წლიურმა მაჩვენებელმა 10,7% შეადგინა. ინფლაცია დაჩქარდა სექტემბერში 9,9 პროცენტიდან და ახალ მაქსიმუმს მიაღწია. ენერგორესურსების ღირებულება 41,9 პროცენტით გაიზარდა. სურსათი, ალკოჰოლი და თამბაქო გაძვირდა 13,1 პროცენტით, წარმოებული საქონელი - 6 პროცენტით, მომსახურება - 4,4 პროცენტით. ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ესტონეთში ( წლიური 22,2 პროცენტი), ლიეტუვაში (22 პროცენტი) და ლატვიაში (21,8 პროცენტი). ყველაზე დაბალი ინფლაცია აქვს საფრანგეთში (7,1 პროცენტი), სემდეგ ესპანეთს (7,3 პროცენტი), მალტას (7,5 პროცენტი), ფინეთსა (8,3 პროცენტი) და კვიპროსს (8,6 პროცენტი). საანგარიშო თვეში ინფლაციამ ნიდერლანდებში 16,8 პროცენტი შეადგინა, სლოვაკეთში - 14,5 პროცენტი, ბელგიაში - 13,1 პროცენტი, იტალიაში - 12,8 პროცენტი, გერმანიაში - 11,6 პროცენტი, ავსტრიაში - 11,5 პროცენტი, პორტუგალიაში - 10,6 პროცენტი, სლოვენიაში - 10,3 პროცენტი, საბერძნეთში - 9,8 პროცენტი, ირლანდიაში - 9,6 პროცენტი, ხოლო ლუქსემბურგში - 8,8 პროცენტი. ამრიგად, ოქტომბერში ევროზონაში ინფლაცია ბოლო 25 წლის უმაღლეს ნიშნულზეა. ამჟამინდელი ინფლაციის მაჩვენებელი ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) სამიზნე 2 პროცენტს, 5-ჯერ აღემატება.