თეგი: ევროკავშირი სანქცია

საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი

საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი. მან გამოსცადა უდანაშაულო მოქალაქეების ტანჯვა და იცის, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი თავისუფლებისთვის ბრძოლა. მან ძალიან კარგად იცის, თუ რას განიცდის უკრაინელი ხალხი. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. დღეს, ისე როგორც არასდროს, საზოგადოებებისა და კავშირების ერთად დგომის დროა, რომ ნდობაზე, სამართალსა და თავისუფლებაზე დამყარებული მომავალი ავაშენოთ. მოვიდა დრო, რომ მტიცედ დავდგეთ და ხმა ავიმაღლოთ. სიძლიერე არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ. არც არასდროს ნიშნავდა და არც მომავალში იქნება ასე. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „თავისი დანაშაულების გასამართლებლად კრემლმა და მისმა მხარდამჭერებმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წამოიწყეს დეზინფორმაციის უზარმაზარი კამპანია. ვნახეთ რუსული სახელმწიფო მედია და მასთან დაკავშირებული პლატფორმები, რომლებიც მოტყუებისა და მანიპულირების მიზნით სიცრუეს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც კრემლის დეზინფორმაციული საქმიანობის სამიზნე საქართველოც არის და იცის, თუ როგორ აღმოაჩინოს ინფორმაციით მანიპულირების კრემლისეული მცდელობა. კრემლის პროპაგანდისტები დაპყრობას „სპეცოპერაციას“ უწოდებენ, მაგრამ ეს ცინიკური ევფემიზმი ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ უკრაინის სრულმასშტაბიანი დაპყრობის მოწმენი ვართ, მისი თავისუფლების, ლეგიტიმური მთავრობისა და დემოკრატიული სტრუქტურების დამხობის მიზნით. კიევის მთავრობის „ნეონაცისტებად“ და „რუსოფობებად“ შერაცხვა სისულელეა: უკრაინაში ნაციზმის ყველა გამოვლინება აკრძალულია. თანამედროვე უკრაინაში ექსტრემალური მემარჯვენე კანდიდატები მარგინალური მოვლენაა, ისინი მინიმალური მხარდაჭერით სარგებლობენ და პარლამენტში შესასვლელ ბარიერს ვერ ლახავენ. უკრაინის მთავრობას დონბასი არ მოუკვეთავს და იქ რუსული ენა და კულტურა არ აუკრძალავს. დონეცკი და ლუგანსკი რესპუბლიკები არ არის, ისინი უკრაინის რეგიონებია, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი და შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფებები აკონტროლებენ. ჩვენ ეს ვიცით და რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ეს იცის. დაპყრობის დაწყების შემდეგ, მთელი რუსეთის ქალაქებში მშვიდობიანი მეზობელი ერის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტის მოთხოვნით გაბედული საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. გვესმის მათი ხმები და ვაფასებთ მათ გამბედაობას გამოსვლებისას. ასევე, ვხედავთ რუსეთში ბევრ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს ვინც ამ უგუნურ დაპყრობას აპროტესტებს. ვაგრძელებ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი რეაგირება კრემლის ქმედებების წინააღმდეგ. 25 თებერვალს მხოლოდ რუსეთმა დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ, ხოლო ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავი შეიკავეს. მსოფლიოს ქვეყნები გმობენ რუსეთის თავდასხმებს და გენერალურ ასამბლეაზე მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააერთიანოს ძალები და ხელი შეუწყოს რუსეთის სამხედრო აგრესიის დასრულებას გაეროს შესაბამისი რეზოლუციის მიღების საშუალებით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ალბანეთს, როგორც რეზოლუციის თანაშემდგენელს“. „ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს რუსეთს მასშტაბური სანქციები, რომლებიც მისი ლიდერების, ელიტების და კრემლის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ არის მიმართული. ევროკავშირის განმარტებით. მათი მიზანი რუსი ხალხისთვის ზიანის მიყენება არ არის, მიზანი ამ უსამართლო ომის დაფინანსებისთვის კრემლის შესაძლებლობის შესუსტებაა. სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც აფინანსებს ომს, რითაც რუსეთის საბანკო სისტემას დავაზიანებთ და საერთაშორისო რეზერვებზე მის წვდომას შევზღუდავთ. ამ ქმედებების განხორციელებისას მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან - ესენია აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია. ასევე ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა და ხალხი მთელი მსოფლიოდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საპროტესტო აქციებს აწყობს, მათ შორის აქ, საქართველოში. ერთად ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს იმ დროს, როდესაც რუსეთი თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაზე შემზარავ თავდასხმას აწყობს“, - განაცხადა ბორელმა.