თეგი: ევროკავშირი-უკრაინის სამიტი
უკრაინა-ევროკავშირის სამიტს კიევი უმასპინძლებს
უკრაინა-ევროკავშირის მომავალი სამიტი კიევში, 3 თებერვალს გაიმართება, - შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. მისივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სატელეფონო საუბრის დროს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მიერ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის განხორციელების პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების კონტექსტში მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინული მხარის მზადყოფნას, უახლოეს პერიოდში დაასრულონ შესაბამისი სამუშაოები, რათა მიმდინარე წელს გაწევრიანების წინა მოლაპარაკებები დაიწყოს. „მხარეებმა 3 თებერვალს კიევში დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის შემდეგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები განიხილეს და მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.