თეგი: ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი
ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს
ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის გზასთან. განცხადება ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტისა და EESC-ის საგარეო ურთიერთობების სექციის პრეზიდენტის ოლივერ როპკეს სახელით გავრცელდა. განცხადების ავტორების თქმით, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ხელახლა შემოიღო წინა ტექსტი, რომელიც ერთი წლის წინ შეჩერდა. ისინი მიუთითებენ, რომ ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა (EESC) დაამყარა ძლიერი ურთიერთობები საქართველოს ენერგიულ და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად ქუჩაში გამოვიდა ამ კანონის წინააღმდეგ. „ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეშვეობით,“ აღნიშნულია განცხადებაში. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ამ დისკრიმინაციული ინიციატივით, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, დამსაქმებელთა ასოციაციების, პროფკავშირებისა და მედიის მიმართ. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშკარა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან. მომავალ კვირაში დამტკიცების შემთხვევაში, შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა, შეაფერხოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე; მოახდინიოს მათი სტიგმატიზირება და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უპასუხოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნებს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და მომავალ კვირას არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, როგორც ეს ქვეყნის კონსტიტუციაშია გათვალისწინებული,“ ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ეს სტრუქტურა პასუხისმგებელია სამოქალქო საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ევროკავშირის მასშტაბით. კომიტეტი აწარმოებს კონსულტაციებს ევროპის არასამთავრობო და სამოქალქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მათ წინადადებებს, შეხედულებებს, საკანონმდებლო იდეებს აწვდის ევროკომისიას, ევროკავშირის საბჭოსა და პარლამენტს.