თეგი: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი
საქართველო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას შეუერთდა - მთავრობა
საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასევე - ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით. „მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ლიდერმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა" და მისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ. საბოლოო დოკუმენტში ასევე აისახა საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო ჩარევა და ინფორმაციით მანიპულირება სტრატეგიულ გამოწვევას უქმნის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) წევრ ქვეყნებს, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების მიმართ პირდაპირი საფრთხეების ფონზე და საზოგადოებების გამძლეობის გასაძლიერებლად საჭიროა უფრო ღრმა და სწრაფი, ოპერატიული კოორდინაცია ევროპულ სახელმწიფოებს შორის. სამიტის დეკლარაციაში აისახა ქართული მხარის წინადადება შავი და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების რეგიონებში მდებარე ქვეყნები უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან ერთად ჩაატარებენ ტექნიკური დიალოგების სერიას შავი და კასპიის ზღვების რეგიონული ენერგეტიკული კავშირების მხარდასაჭერად. დიალოგების ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნების გამოცდილების, რესურსების, ცოდნისა და ექსპერტიზის პრაქტიკული გზით გაზიარება, რათა შავი და კასპიის ზღვების EPC-ს წევრებმა გადაჭრან რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოიყენონ თავიანთი ენერგეტიკული პოტენციალი სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით,“ - წერია ინფორმაციაში. პრემიერის განცხადებით, „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებით, გამოიკვეთა ქვეყნის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით.“ „ჩვენ გვქონდა ასევე საშუალება, რომ გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები, გავსაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან შესაბამისად, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი, რათა გაგვეზიარებინა ის გზავნილები, რაც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, დოკუმენტში ასახულია საქართველოს განსაკუთრებული ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით. „ჩვენი ქვეყანა მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რომელიც ჩამოყალიბდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ ამ კუთხით გამოვკვეთოთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ამაზე გვქონდა საუბარი ამ სამიტის ფარგლებში და სწორედ ეს საკითხი აისახა საბოლოო ჯამში ამ სამიტის დოკუმენტში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. „ჩვენ კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია 10-მდე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, იგივე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, გვქონდა საუბარი სხვა პროექტებზეც,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობდა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, განსაკუთრებული როლი შეასრულოს, მათ შორის, ენერგეტიკული ტრანზიტის თვალსაზრისით. „ეს ეხება იგივე გაზის რესურსებს, ნავთობის რესურსებს და ა.შ. ამ კუთხით გვქონდა საუბარი, როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციურ პროექტებზეც,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მოგვიანებინ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში - ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია.“