თეგი: ევროპის საბჭოს კონგრესი
ევროპის საბჭოს კონგრესი: საქართველო დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დემოკრატიული პრინციპების დაცვას უნდა დაუბრუნდეს
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ახლახან მიღებული ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, არღვევს ადამიანის უფლებებს ან ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, ვინაიდან ეს პროცესები ასევე საზიანო იქნება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. კონგრესმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით ხელახლა ნაკისრი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა, ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოებს მიერ პასუხისმგებლობის დაკისრება გამოიწვიოს. დეკლარაცია 47-ე სესიაზე, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გადაუდებელი დებატების შემდეგ მიიღეს. ის კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა ქსავიერ კადორემ (საფრანგეთი, L, SOC/G/PD) წარადგინა. დოკუმენტში, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნების არსებობის გამო. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე, რაც საზოგადოების პოლარიზაციის ზრდასა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებაში გამოიხატება. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ აღინიშნავენ, რომ აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებების, მათ შორის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და შეკრების თავისუფლების ეფექტიანი დაცვა. ადგილობრივი ხელისუფლება არ უნდა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მათ კანონით მოეთხოვებათ ადამიანის უფლებების ან ძირითადი თავისუფლებების დარღვევა, ან ისეთი ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გატარება, რაც საზიანო იქნება მათ თემებში ინკლუზიურობის, ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. კონგრესმა ასევე ხაზი გაუსვა თავის ვალდებულებას, გააგრძელოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში და მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, ხელისუფლების ყველა დონეზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვასა და დემოკრატიის ხელშეწყობაში. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.