თეგი: ევროპის საინვესტიციო ბანკი

EIB-ის პრეზიდენტი: უკრაინის აღდგენა ახლა უნდა დაიწყოს, რუსეთის შეჭრის დასრულებას არ უნდა დაველოდოთ

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა პრაღაში გამართულ ფორუმზე განაცხადა. ჰოიერმა სახელმწიფოებს მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას რეკონსტრუქციის რაც შეიძლება მალე დაწყებაში ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის შეჭრის დასრულებას დაელოდონ. ჰოიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ვალდებულება ნაწილობრივ კერძო სექტორმა უნდა იტვირთოს, რადგან სამთავრობო ინსტიტუტებს უკრაინის დაფინანსების შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ.  

ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს მაჩეი ჩურას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარების მიმართულებით. მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ EIB-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, არამედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და აღნიშნული რეფორმების განხორციელების კუთხით ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეფორმების განხორციელების გაგრძელება საქართველოსთვის ერთადერთი გზაა გამოწვევების დასაძლევად. ყურადღება გამახვილდა EIB-ს გადამწყვეტ როლზე პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  

ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის 840 მილიონ ევროს გამოყოფს

უკრაინამ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღდგენის პროექტებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტი უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტების განსახორციელებლად, 840 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინას გადაუდებელი დახმარების სახით 1,7 მილიარდი ევრო გამოუყო. ეს თანხები მიმართული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებებსა და უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ ვაფართოებთ თანამშრომლობას უკრაინის აღდგენის საქმეში. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ არაერთ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კუბრაკოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული 840 მილიონი ევრო მოხმარდება აღდგენის პროექტების მომზადებას, შეფასებას, დაფინანსებას და განხორციელებას. ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორია.   

მედია: ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, შავი ზღვის წყალქვეშ ინტერნეტკაბელის გაყვანის ხარჯების 50% დაფაროს

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) მზადაა, შავი ზღვის წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის ხარჯების ნახევარი დაფაროს. „ევროკავშირის (Global Gateway) პროგრამის ფარგლებში შავი ზღვის ქვეშ გასაყვანი ინტერნეტ კაბელი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს. პროექტი ამ ქვეყნებს ჩვენთან დააკავშირებს. EIB მზად არის, დაფაროს მთლიანი ხარჯების დაახლოებით ნახევარი,“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით. Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი შავი ზღვის ქვეშ ელექტროკაბელის განვითარებას გეგმავს. პროექტი უნგრეთსა და რუმინეთს საქართველოსა და აზერბაიჯანთან დააკავშირებს და ბლოკის „მომარაგების უსაფრთხოებას“ გააძლიერებს. ევროკავშირი შავი ზღვაში წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ რუსეთზე გამავალ ხაზებზე დამოკიდებულება შეამციროს. 45 მლნ ევროს ღირებულების, 1100 კმ სიგრძის კაბელი, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კავკასიასთან დააკავშირებს. პროექტის მიზანია, რუსეთზე გამავალი სახმელეთო ბოჭკოვანი კომუნიკაციების ტრანზიტზე რეგიონის დამოკიდებულების შემცირება.