თეგი: ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პოლონეთი 22:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ბოლო ტურში, 20 თებერვალს, საქართველსა და სლოვაკეთის ნაკრებები ითამაშებენ, ჯგუფში პირველ ადგილს ამ მატჩში გამარჯვებული მოიპოვებს. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ხორვატიის ქალაქი სპლიტი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად 2014 წელს გავიდა, სადაც მეთორმეტე ადგილი დაიკავა. 2016 წელს მეთოთხმეტე, 2018 წელს - მეცამეტე, 2020 წელს კი, მეათე ადგილი დაიკავა.
გოგიტა არქანიამ ევროპის ჩემპიონატზე კარატეში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ევროპის ჩემპიონატი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარეობს. გოგიტა არქანია +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა შოტლანდიის წარმომადგენელ გრეგ ანდერსონს 2:0 სძლია. შეგახსენებთ, რომ გოგიტა არქანიასთვის ეს მესამე ბრინჯაოს მედალია კონტინენტის ჩემპიონატზე.
21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი განახლებულ სტადიონებზე ჩატარდება - ირაკლი ქარსელაძე
21 წლამდე ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უკვე უეფას სტანდარტებით განახლებულ სტადიონებზე მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით, რომლის პროექტირებაზე, მოწყობასა და ზედამხედველობაზე ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა იმუშავეს. „უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით, უმოკლეს ვადებში დასრულდა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა ობიექტზე. ფაქტობრივად კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიხეილ მესხისა და რამაზ შენგელიას სტადიონებს. მნიშვნელოვნად განახლდა დინამო არენაც, სადაც მოეწყო ახალი ბალახის საფარი, განათება, გახმოვანება, დამონტაჟდა ახალი ტაბლო და დღეს ამ ინფრასტრუქტურას უკვე აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობები გააჩნია. რეაბილიტაციებთან ერთად, ასევე, ოთხი ახალი ტექნიკური საწვრთნელი კომპლექსი აშენდა ქობულეთში, წყალტუბოში და ბათუმში,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რასაც, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 115 მილიონი ლარი მოხმარდა. ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, დამონტაჟდა 6 სტადიონის განათების სისტემა, გახმოვანების ახალი სისტემები და ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა. უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ ევროპის ემპიონატზე ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ), ილია სულამანიძემ (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალის გზაზე ყველა მეტოქეს აჯობეს. საჩემპიონო ბრძოლაში კი ოთხივე დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მეცხრე ადგილზე გავიდა.
კობახიძე: ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა
ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომლებიც იყვნენ გამოძახებულნი ფინალური მატჩებისთვის, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ესენი არიან ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ სახელმწიფოსგან. „გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდებით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს, ფედერაციას და დარწმუნებული ვარ, წინ გველის დიდი გამარჯვებები და წარმატებები. რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს,“ - განაცხადა პრემიერმა. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.