თეგი: ევროპულ სასამართლო

ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს შეხვდა

საქართველოსა და ევროპულ სასამართლოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის რობერტ სპანოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა რობერტ სპანოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული მისი პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ევროსასამართლოში საქართველოს შესახებ 130- მდე საჩივარი განიხილეს, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 10 წლის წინ ევროსასამართლოში განხილული საჩივრების რაოდენობა 3 000–4 000 იყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროსასამართლოს სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს და სტრასბურგის სასამართლოში განცხადებების რაოდენობის სწრაფი და მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ეფექტიანი კონტროლის განხორციელება. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. საუბარი ასევე შეეხო მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ეს საკმარისი არ არის და რეფორმირების პროცესი გრძელდება. ხაზი გაესვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებს. აღინიშნა, რომ World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის 2021 წლის კვლევაში საქართველომ 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილი დაიკავა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა 14 ქვეყანასთან შედარებით კი, კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო რეგიონული ლიდერია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საქართველოში სტუმრობის შესაძლებლობა, რათა განვიხილოთ მნიშვნელოვანი მიმდინარე თანამშრომლობა და დიალოგი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის. ყოველივე ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან დროს. სასამართლოს პრეზიდენტს და ეროვნულ მოსამართლეს მიეცათ საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, რათა განეხილათ ბოლო დროის მოვლენები და დაედასტურებინათ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისა და ხელისუფლებისთვის, რომ სასამართლო და ევროპის საბჭო განაგრძობენ წინსვლას მზარდი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა რობერტ სპანომ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები ლადო ჭანტურია და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.  

ფარული მიყურადების საკითხთან დაკავშირებით, ომბუდსმენი ევროპულ სასამართლოს მიმართავს

ვთხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. როგორც ლომჯარიას განცხადებაშია აღნიშნული, მასობრივი უკანონო სახელმწიფო მიყურადება-თვალთვალის პირობებში შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებების ჯეროვანი რეალიზება. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2022 წლის 17 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს დიდი მასშტაბის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის თაობაზე. გასაჯაროებული ინფორმაცია შეიცავდა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიყურადების და გადაადგილების შესახებ ვიდეო, აუდიო და წერილობით მასალებს, დახურული ჯგუფებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ, მოპოვებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ. პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია განცხადება და არ უარყვია ის, რომ ჩანაწერში მოხსენიებული პირები არ მუშაობენ მათ სისტემაში. აღნიშნული კი, ჟურნალისტების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას მეტ სანდოობას სძენს. მასობრივი უკანონო სახელმწიფო მიყურადება-თვალთვალის პირობებში შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებების ჯეროვანი რეალიზება. თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება, სამოქალაქო სივრცე აქტივისტებისთვის და სხვა უფლებებით თავისუფალი სარგებლობა - ეს ყველაფერი გამოირიცხება, როდესაც პირადი ცხოვრების დაკვირვების ასეთი მასშტაბია სახეზე. სიუჟეტში წარმოდგენილი პირადი ცხოვრების მასშტაბური და ტოტალური კონტროლის ლეგიტიმური მიზანი შეუძლებელია არსებობდეს და გამართლდეს რამე სახელმწიფოებრივი ან საჯარო მიზნით. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა პოლიტიზების მასშტაბი, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებში ნათლად იდენტიფიცირდება და სახელმწიფოს წარმომადგენელი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აიგივებს თავს. საქართველოში მოქმედი პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველობის მექანიზმები რომ არასაკმარისია, ამას არაერთხელ აღნიშნავენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი. 2017 წელს მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვეთ ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა არასაკმარისი გარანტიების გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წლის დასაწყისში დაასრულა და მას შემდეგ არ გამოაქვს გადაწყვეტილება, რითაც კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ვალდებულებას არ ასრულებს. სამწუხაროდ, არც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები არ მუშაობს ამ მიმართულებით (მათ არაეფექტურობაზე საუბრობდა სახელმწიფო ინსპექტორიც თავის ანგარიშებში). 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ სახალხო დამცველმა მოითხოვა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში დაბარება, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის დეკემბერში გააუქმა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი ხელმძღვანელი, რითაც უფრო მეტად შეასუსტა პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველი სისტემის ეფექტურობა. ეროვნულ დონეზე, სავარაუდო უკანონო მოსმენების საქმის გამოძიება პროკურატურის კომპეტენციაა და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას, აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და ყველა უფლებადარღვეული პირი ცნოს დაზარალებულად. ამასთან, აუცილებელია მოცემული საქმის გამოძიების მიმდინარეობა იყოს გამჭვირვალე და ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდებოდეს საზოგადოებას. სამწუხაროა, რომ პროკურატურამ არ მისცა ზემოხსენებული გამოძიების მასალებზე დაშვება სახალხო დამცველის აპარატს. თუმცა, აქვე პირადი ცხოვრების უფლების ეფექტიანი დაცვის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ პირს, მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმი. პარალელურად, ვთხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.