თეგი: ევროსასამართლო

იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე, ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნა

2021 წელს იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე, ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნა. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებმა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", გუშინ, 28 ივნისს წარადგინეს სტრასბურგში. საქმე ეხება 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ - ფაილებში აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. საჩივრების ავტორები აღნიშნავენ, რომ გავრცელებულ ფაილებში არსებული ინფორმაციის ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, მომჩივნებმაც: დავით ჯანდიერმა, ნატალია ფერაძემ, გიორგი ონიანმა, გიორგი მშვენიერაძემ და გურამ იმნაძემ, დაადასტურეს. საჩივრების ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი საქართველოში ფარული მოსმენა-მიყურადების კანონმდებლობის კონვენციურ სტანდარტთან შეუსაბამობის გასაჩივრებაა. მათივე განცხადებით, საჩივრების ერთ-ერთი სადავო საკითხია 2021 წლის პირველი აგვისტოსა და 13 სექტემბრის ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება. მომჩივნების თქმით, ამ დრომდე თბილისის პროკურატურას არ მიუნიჭებია პირებისთვის დაზარალებულის სტატუსი, ხოლო, გენერალური პროკურატურა უმოქმედოა. "შიდა ინსტანციები რაც გავიარეთ, პროკურატურის, სასამართლოს თვალსაზრისით, აღმოჩნდა არადამაკმაყოფილებელი და ცალსახად არაობიექტური. ქვეყნის არცერთი ინსტანცია ამ საქმეზე არ რეაგირებს. გაყინულია პროცესები, უცნობია, საერთოდ რას აკეთებენ", - ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. ცნობისთვის, გასული წლის 12 სექტემბერს გვიან ღამით, სავარაუდოდ, სუსის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.  

ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციის მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მათივე ცნობით, მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. „დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)). ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით, 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე. წ. აფხაზმა „მესაზღვრემ“, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები ე. წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ. შესაბამისად, მომჩივნები აცხადებენ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილები. არსებითი განხილვის ეტაპი: 2018 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. რუსეთის ფედერაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ იხსენიებს, რომელმაც თავი დააღწია საქართველოს აგრესიას და თვითგამორკვევის გზით გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი არ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას ,,აფხაზეთის რესპუბლიკაზე“ ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე. რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ, როგორც საჩივარში, ასევე შემდგომ წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში, საიამ და EHRAC-მა მიუთითეს არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების შუამდგომლობა და დაავალა რუსეთის ფედერაციას, წარმოედგინა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლები. მიუხედავად აღნიშნულისა, რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება არ შეასრულა. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში საია დამატებით მიუთითებდა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული სასამართლოსთვის საქმის მასალების არგადაცემა არღვევდა კონვენციის 38-ე მუხლს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ 38-ე მუხლის დარღვევაც დაადგინა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპულ სასამართლოში ასევე შეტანილია სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) (no. 39611/18), რომელიც ევროპულმა სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა 2023 წლის 28 მარტს. საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისო საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. სახელმწიფოს საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის სამაგალითო შემთხვევებს და განხილული იქნება ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ასევე, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მთავრობა კონკრეტულ დავაში მესამე მხარედ იყო ჩართული და წარადგინა სამართლებრივი პოზიცია მომჩივანთა მხარდასაჭერად. გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თუ, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით. საია აღნიშნულ საქმეს ახორციელებდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში,“ - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 5 სექტემბერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე – „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ” – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები დირღვა განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ჩიოდა, რომ იგი გაიტაცეს თბილისში 2017 წლის 29 მაისს, არასათანადოდ მოპყრობითა და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით, ან ჩუმი თანხმობით და რომ ამ მოვლენების გამოძიება არაეფექტური იყო. ამასთან, მუხთარლი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმადაც არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს და მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს მიერ ადგილი ჰქონდა დარღვევას მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სასამართლო „ადგენს, რომ საქართველოს მიერ არ მომხდარა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების არსებითი დარღვევა.“ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და აქვს უფლება, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში ასევე კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა. „საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, 2 500 ევრო ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად, აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 6 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად,“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ცნობისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აფგან მუხთარლი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty Inrernational-მა მაშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. მუხთარლის 2018 წლის იანვარში საზღვრის უკანონო კვეთისა და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანასთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ ვერ ჩაატარა საქმეზე ეფექტური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება 2017 წლის 30 მაისს, გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). სასამართლომ საქართველო დამნაშავედ ცნო კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლების დარღვევაში, თუმცა ამ მუხლების არსებითი ნაწილების დარღვევა ვერ დაადგინა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა. სასამართლომ აზერბაიჯანს 6000 ევროს გადახდა დააკისრა არამატერიალური ზიანის, ხოლო 2500 ევროს გადახდა ხარჯების ასანაზღაურებლად. ერთობლივ მოსაზრებაში მოსამართლეები სრულად დაეთანხმნენ პალატის დასკვნებს, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველოში გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენის გამო. მათ პალატა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ არასაკმარისი ყურადღება დაეთმო ამ საკითხს, კერძოდ, მაღალი თანამდებობის პირების ზეგავლენას გამოძიებაზე და აზერბაიჯანში განმცხადებლის მიმართ ბრალდებების სანდოობას. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკურმა განცხადებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს გამოძიებასა და სასამართლო პროცესზე და დასძინეს, რომ პოლიციელები უფრო იმყოფებიან პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ვიდრე მოსამართლეები, რამაც შესაძლოა, გამოძიების მიუკერძოებლობა შეარყიოს.  

ევროსასამართლომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა. ორგანიზაციის ცნობით, "აგენტების კანონი" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაასაჩივრეს. მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე დავობენ. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia დაარეგისტრირა, ხსენებული ფაქტი, კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ," - წერია საიას განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.