თეგი: ევრო 2024
ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სებ-ის ცნობით, საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის მატჩები 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.
ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება - ფეხბურთის ფედერაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევრო 2024-ზე ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც აღნიშნავენ, ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება. „უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებთან სამუშაო პროცესსა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადავიდა. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფა-ს ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. ბილეთების გაყიდვა უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწვდის გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით. მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში,“ – წერია სფფ-ის განცხადებაში.
ევრო 2024: საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება
ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაყიდვა დღეს, 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. შესაბამის ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. „UEFA-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. http://euro2024.com/tickets დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ,“ წერს ფეხბურთის ფედერაცია. ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება - ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს – პორტუგალიას.
„საქართველომ ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა“ - საერთაშორისო მედიის გამოხმაურება
საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო-2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით, მისთვის პირველი მსხვილი ტურნირის პლეი ოფში გადავიდა. საქართველოს ისტორიული მიღწევას ევროპის ჩემპიონატზე, საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. BBC Sport-ის შეფასებით, პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ისტორიაში, FiFA-ს რეიტინგით, ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა და თავიანთ სადებიუტო მსხვილ ტურნირზე დაუვიწყარი საღამო შექმნა. ამასთან, საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა თავი გაართვეს და გავიდნენ ფინალურ ეტაპზე. ქართველებს პორტუგალიასთანაც ბურთის ფლობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო და გააკეთეს ეს შთამბეჭდავად. New York Times კი, საქართველოს მიერ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას ევრო-2024-ის უდიდეს შოკად აფასებს. „საქართველომ პირველი გოლი მეორე წუთზე უზომოდ ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში გიორგი მექაუტაძის პენალტი მოჰყვა. საქართველოს გასაოცარი გამარჯვება ნიშნავს, რომ თურქეთის შემდგომ მესამე ადგილზე გავიდნენ და მათი ჯილდოა კვირას კიოლნში, ესპანეთთან მატჩი. ეს იქნება რთული პერსპექტივა, შეხვდე ტურნირის ერთადერთ გუნდს, რომელსაც მოგების 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. მაგრამ ისინი ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ,“ – წერს ამერიკული გამოცემა. „ეს იყო ღამე, რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ იყვნენ ისტორიის სანახავად. ეს იყო პირველი შემთხვევა რონალდოს კარიერაში, როდესაც ვერ გაიტანა გოლი დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე,“ – წერს თავის მხრივ, ბრიტანული Guardian-ი. „გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმა გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. რეიტინგში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში,“ – ასე აფასებს CNN საქართველოს ისტორიულ მიღწევას.
გულითადად ვულოცავთ ნაკრებს, მწვრთნელებსა და სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ გამოსვლას - პატრიარქი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ულოცავს. პატრიარქის წერილს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას. ამ ფაქტმა, შეიძლება, ითქვას, მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც პატივისცემით განეწყვნენ. გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი. ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები,” - ნათქვამია წერილში. საფეხბურთო ნაკრები თბილისში 2 ივლისს, დილით ჩამოვიდა. საღამოს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. 22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა.
პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს შეუერთდა და ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენები გადასცა. ადმინისტრაციის განმარტებით, სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა. დაჯილდოვების ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც ფეხბურთელები, ადგილზე შეკრებილ გულშემაკტივარს შეხვდნენ. „სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდირობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, მიაღწიეს მიუღწეველს. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. „ღირსეულ ბიჭებს ღირსების ორდენები, ვულოცავ თითოეულ მათგანს. მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით. რაც შეეხება მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ დაპირებას, რომ ორიოდე წელიწადში ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას,“ - განაცხადა მანამდე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა, სამშობლოში დილით დაბრუნდა. საღამოს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. 22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა.