თეგი: ეკა ლალიაშვილი
შსს: 2022 წელს საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი
2022 წლის იანვარი-ივნისის ჩათვლით, საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 1 194 დედაქალაქში მოხდა, დაშავდა 1 456, ხოლო დაიღუპა 34 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, შსს-ს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში, 16 წლამდე 10 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 408 მოზარდმა ტრავმა მიიღო. "მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 7%-ით, დაზიანებები 1,5 %-ით, ხოლო ლეტალობა გაზრდილია 14,5 %-ით. შემთხვევათა 7%-იანი კლების ფონზე დაღუპულთა ოდენობის 14,5 %-ით ზრდა იმას მიგვანიშნებს, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მიუხედავად ავტოავარიების შემცირებისა, გზებზე მსხვერპლი გვეზრდება. საერთაშორისო გამოცდილება „უსაფრთხო სისტემის“ (Safe System) დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ისინი ლეტალურად და მძიმე შედეგებით არ უნდა სრულდებოდეს. მიმდინარე სტატისტიკა კი გვაუწყებს, რომ საგზაო შემთხვევების შემცირების ფონზე სიკვდილიანობა მკვეთრად იზრდება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და ქვეყანაში შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების ფონდი, რომელიც მეტი ადამიანური თუ ფინანსური რესურსით მიზანმიმართულად იზრუნებს „უსაფრთხო სისტემის“ დანერგვაზე, რაც ითვალისწინებს მეტ მუშაობას ინფრასტრუქტურისა თუ ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებზე, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის გაუმჯობესებაზე, საგზაო შემთხვევის შემდგომი პირველადი სამედიცინო დახმარების დროულად/კვალიფიციურად გაწევაზე და სხვა ძირეულ საკითხებზე“, - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.