თეგი: ელენა ზელენსკი

უკრაინის პირველი ლედი: ომმა ეგრევე გააერთიანა პირადი და საზოგადო, ალბათ ეგაა ტირანის ფატალური შეცდომა, რომ ჩვენ ჯერ უკრაინელები ვართ და მერე სხვა დანარჩენი

უკრაინის პირველი ლედი, ელენა ზელენსკაია ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში ომის პირველ დღეებს იხსენებს, ჰყვება, როგორ ცხოვრობს ბლოკადაში მყოფი უკრაინული ქალაქების მოსახლეობა და მოუწოდებს, რომ უკრაინის ცა დახურონ. „ომმა ეგრევე გააერთიანა პირადი და საზოგადო. ალბათ სწორედ ესაა ტირანის ფატალური შეცდომა, რომელიც ჩვენ გვიტევს. ჩვენ ჯერ უკრაინელები ვართ და მერე სხვა დანარჩენი. მას [კრემლს] უნდოდა ჩვენი გაყოფა, დაჩეხა, შიდა კონფრონტაციის პროვოცირება, მაგრამ ამის გაკეთება უკრაინელებთან შეუძლებელია. როცა ჩვენ გვაწამებენ, ძალადობენ ან გვკლავენ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ყველას გვაწამებენ, ყველაზე ძალადობენ ან კლავენ. ჩვენ არ გვჭირდება პროპაგანდა იმისთვის, რომ გვქონდეს მოქალაქეობრივი ცნობიერება, იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ. ეს ბრაზი და ტკივილი მომენტალურად ააქტიურებს მოქმედების წყურვილს, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ აგრესიას, დავიცვათ მშვიდობა. ყველა ისე აკეთებს ამას, როგორც შეუძლიათ. ყველა გახდა მოხალისე - მსახიობები, რესტორატორები, სტილისტები, ვიდრე ბარბაროსები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დაპყრობას. მე ვნახე თუ როგორ იღვიძებს ჩვენს ბავშვებში პატრიოტული გრძნობა. [ეს აქვთ] არა მხოლოდ ჩემს ბავშვებს, არამედ უკრაინის ყველა ბავშვს. ისინი გაიზრდებიან პატრიოტებად და თავისი ქვეყნის დამცველებად“, - აცხადებს ელენა ზელენსკაია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.